ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინის NATO-სთან დაახლოების 3 ელემენტისგან შემდგარი პაკეტი შეათანხმა

11.07.23 19:36
ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინის NATO-სთან დაახლოების 3 ელემენტისგან შემდგარი პაკეტი შეათანხმა

უკრაინა-ნატოს საბჭო, MAP-ის ამოღება და მრავალწლიანი დახმარება ომში მყოფ ქვეყანას - ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრებმა სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი შეათანხმეს იმ მიზნით, რომ უკრაინა NATO-სთან კიდევ უფრო დაახლოვდეს. ინფორმაცია NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაახმოვანა.

პირველი - ეს არის მრავალწლიანი დახმარება უკრაინას, რომელიც ქვეყანას საბჭოთა სტანდარტებიდან ნატოს სტანდარტებზე გადაიყვანს, აღადგენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებს და დაფარავს კრიტიკული საჭიროებები, როგორებიცაა საწვავი და სამედიცინო ხარჯები. 

მეორე - ეს არის უკრაინა-ნატოს საბჭო კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, როგორც თანასწორი მხარეები. ხვალ გაიმართება ამ საბჭოს პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკის თანდასწრებით. 

მესამე - ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და ვთანხმდებით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის [MAP] ეტაპი ამოღებულია. ეს შეცვლის უკრაინის გზას ნატოსკენ და ორეტაპიანი პროცესი გახდება ერთეტაპიანი. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ უკრაინას მოვიწვევთ ნატოში, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები