საქართველოს არაფერი არც დაკლებია, არც მიმატებია - კობა ლიკლიკაძე NATO-ს კომუნიკეზე

11.07.23 21:23
საქართველოს არაფერი არც დაკლებია, არც მიმატებია - კობა ლიკლიკაძე NATO-ს კომუნიკეზე

„პერსპექტივა საქართველოსი NATO-ში არსად წასულა, ადგილზეა და შეიძლება ითქვას, რომ მას ზუსტად იმხელა მოცულობა უჭირავს ამ 90-პუნქტიან კომუნიკეში, რაც ადრე იყო, არაფერი არც დაკლებია, არც მიმატებია,“ - ეს განცხადება "რადიო თავისუფლების" პრაღის ბიუროს ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძემ გააკეთა.

ლიკლიკაძე ამბობს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კომუნიკეში საქართველოსთან დაკავშირებით გადმოტანილია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი.

კომუნიკეში ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა. ასევე, საქართველო-ნატოს პერსპექტივაზე განმეორებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან წინადადება, რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი, ამისთვის აქვს ინსტრუმენტები და მათ შორის ხაზგასმულია საქართველოს შემთხვევაში MAP-ის ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის აუცილებლობა, პლუს, ეროვნული, ყოველწლიური გეგმების თვალსაზრისით თანამშრომლობა... იმასთან შედარებით, რომ უკრაინისთვის უკვე გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა განვლილ ეტაპად ჩაითვალა ამავე კომუნიკეთი, შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ამ პროცესებს ჩამოვრჩით, მაგრამ ასეთი პარაგრაფი, დიპლომატიურად აწონილ-დაწონილი გარკვეული დასკვნის საშუალებას არ იძლევა. უბრალოდ თვალშისაცემია ის, რომ საქართველო ამხელა სამიტზე წარმოდგენილია საგარეო საქმეთა მინისტრით და არა ქვეყნის პირველი პირით, ასეთი ფორმალური მომენტები გარკვეული შეშფოთების საფუძველს აძლევს მათ, ვინც ასე ფიქრობს, მაგრამ ამ შეფასებას მე თავს ავარიდებდი,“ - ამბობს ლიკლიკაძე.

მსგავსი სიახლეები