ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა მედიაზონდერი დააჯილდოეს - კობახიძე გვარამიაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ნიკა გვარამიას ევროპარლამენატერებთან შეხვედრას ეხმიანება და სტრატეგიულ პარტნიორებს თავს მორიგ ჯერზე ესხმის. ირაკლი კობახიძე ევროდეპუტატებს ოდიოზურებად, ხოლო "მთავარი არხის" დამფუძნებელს მედიაზონდერად მოიხსენიებს.
"ოცნების" ლიდერის მტკიცებით, აღნიშნულმა შეხვედრამ ევროდეპუტატების თავისუფალი მედიისადმი დამოკიდებულება ცხადყო.
ერთი, როდესაც კონკრეტული ევროპარლამენტარები, თავადაც ოდიოზური ევროპარლამენტარები ხვდებიან მედიაზონდერს, ეს თავის თავად მიანიშნებს იმაზე, თუ როგორია დამოკიდებულება, მათ შორის მედიის თავისუფლების მიმართ. მე შეგახსენებთ, რომ გვარამიას წარსული პირდაპირ უკავშირდება მედიის თავისუფლების უხეშად ხელყოფას. როდესაც იმედში შეიჭრა სპეცრაზმით წინა ხელისუფლება, ამის მთავარი შემფუთავი იყო ნიკა გვარამია. როდესაც ასეთ კაცს ევროპარლამენტარები ხვდებიან და მერე აჯილდოებენ კონკრეტული პრემიით, ეს დამოკიდებულებაზე, რა თქმა უნდა, მიანიშნებს და ასევე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა დაკვეთა და ამ დაკვეთის მთავარი მიზანი იყო საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავება, რაზეც იგივე ლექსმანმა კიდევ ერთხელ მიანიშნა. ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ საერთოდ ვერაფერს დაგვაკლებს, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა ნიკა გვარამია ბრუსელში მიიწვიეს. შეხვედრა გუშინ შედგა. ევროდეპუტატებმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი დააჯიდლოეს და გვარამიას თავისუფალი მედიის სიმბოლო" უწოდეს.