სარისკოა, როცა ნატოს წევრი არ ხარ და მუდმივად კარში ხარ ჩამდგარი - ირაკლი კობახიძე
ვილნისუსი ისტორიული სამიტის შემდეგ ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სამიტის კომუნიკეს ტექსტით სტატუს კვო უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში ძალაში დარჩა.
რაოდენობრივად ტექსტი მეტია მოცემული დოკუმენტში უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ხარისხობრივად არავითარი განსხვავება არ არის. შენარჩუნდა სტატუს კვო, რაც არის რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. მით უმეტეს, რომ კონკრეტული ჩანაწერებიც არის მოცემული, – ამბობს კობახიძე.
„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ამტკიცებს, რომ საქართველოსთან მიმართებით დაპირება, რომელიც ჩაიდო თავის დროზე ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში ძალაში დარჩა და საქართველოს ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.
გაურკვეველია დეტალები, როდის, როგორ და ა.შ. იგივე ეხება რეალურად უკრაინასაც. ტექსტობრივი, რაოდენობრივი კუთხით არ არის განსხვავება ჩვენთან და უკრაინასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს შორის, მაგრამ ხარისხობრივად და არსებითად არაფერი არ შეცვლილა, ყველაფერი არის ისევ და ისევ აბსტრაქტულად ჩამოყალიბებული.“ – ამბობს კობახიძე.
კობახიძე ასევე ისევ იმეორებს, რომ რუსეთი უკრაინას თავს ნატოს გაწევრიანებისკენ წარფვის გამო დაესხა. "ოცნების" ლიდერის თქმით, მუდმივად კარში დგომა საქართელოსთისაც სარისკოა.
როცა არც ნატო-ს წევრი ხარ და ხარ მუდმივად კარში ჩამდგარი, რბილად რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა სარისკოა. ეს ქმნის მუდმივ რისკს და უკრაინის მაგალითზე ეს ვნახეთ. დიდი ხანი კარში დგომა იწვევს მძიმე შედეგებს და უკრაინის შემთხვევაში ეს მოხდა, კიდევ გავიმეორებ, რაც თქვა პრემიერმა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც განახორციელა რუსეთმა სამხედრო აგრესია უკრაინაში, იყო ნატოსკენ უკრაინის სწრაფვა.
თავის დროზე, თუნდაც 2008 წელს, 2011 წელს ან ნებისმიერ დროს, მიღებული რომ ყოფილიყო საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრების გადაწყვეტილება, თავისი დათქმებით, რაც შესაძლებელი იყო და რაც თავისუფლად შეიძლებოდა ტექნიკურადაც, პოლიტიკურადაც და ყველანაირად, დღეს ხომ უკრაინაში ეს ომი არ მოხდებოდა?! რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა, მაგრამ არ მინდა, აქ ღრმად შევიდე. ჩვენ ბევრად მეტი ვიცით და ბევრად მეტი ანალიზი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ვლაპარაკობთ. იმიტომ, რომ რაღაცების თქმა, უბრალოდ, არ შეიძლება, მაგრამ ვიტყვი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ამ მდგომარეობის დატოვება, როცა არც აქეთ ხარ და არც იქით, უბრალოდ, არ არის მიზანშეწონილი; როცა არც ნატო-ს წევრი ხარ და ხარ მუდმივად კარში ჩამდგარი, რბილად რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა სარისკოა, – განაცხადა კობახიძემ.