ე.წ. ფანჩატურში ელექტრო ხაზის დაერთებაზე ნებართვა არ გაცემულა - კალაძე წყნეთის ტრაგედიაზე

12.07.23 13:37
ე.წ. ფანჩატურში ელექტრო ხაზის დაერთებაზე ნებართვა არ გაცემულა - კალაძე წყნეთის ტრაგედიაზე

ვინ არის პასუხისმგებელი წყნეთის ტრაგედიაზე - კახა კალაძე ამბობს, რომ "პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ფანჩატურში თვითნებურად, კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა სახელდება".

კალაძის განცხადებით, გამოძიება მუშაობს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

ნებისმიერი კუსტარული დაერთება, თვითნებობა, არის უკანონო. არავის აქვს უფლება, შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, აწარმოოს მსგავსი ტიპის სამუშაო.  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში, ე.წ. ფანჩატურში ელექტრო ხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა და მისი დაერთება მოხდა თვითნებურად.

ასევე, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, არც ერთ სივრცეში, აღნიშნულ პავილიონებს და ფანჩატურებს არ აქვს ელექტროენერგიის წყარო,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ის რომ თითქოს სამუშაოების გამო მოხდა მოზარდის გარდაცვალება, "ეს არის დიდი ტყუილი და სიბინძურე".

ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია. მე მინდა მოვუწოდო და ვთხოვო მედია საშუალებებს, ნუ შეუწყობთ ხელს ტყუილების ტირაჟირებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ამ ტრაგედიის ფონზე და ნურავინ შეეცდება პოლიტიკური ქულების ჩაწერას ამ უბედურებისა და ტრაგედიის გამოყენებით“, - განაცხადა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები