საქართველო დარჩა "მშრალზე" და ძალიან საშიშ ზონაში - სააკაშვილი
გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ ვილნიუსში გავითარებულ მოვლენებს. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უკრაინისგან განსხვავებით უფრო მარტივად შეეძლო რუსეთის აგრესიისგან დაცული ყოფილიყო, თუმცა ისევ "მშრალზე" დარჩა.
დაპატიმრებული პრეზიდენტი თვლის, რომ ახლა ინიციატივა ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს, რადგან ქვეყანა საფრთხეშია.
გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა საქართველოს შეეძლო მიეღო ის რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატო-ში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა.
საქართველოს უკრაინისგან განსხვავებით ყოველგვარი ომის გარეშე ბევრად შეეძლო უფრო დაცული და შემდგომი რუსული აგრესიისგან დაზღვეული ყოფილიყო.
საქართველომ არა მხოლოდ ვერაფერი მიიღო, არამედ გაჩნდა ჩანაწერი, რომ საჭიროა რეფორმებში პროგრესი, რაც დიპლომატიური ენიდან ითარგმნება ისე, რომ სიტუაცია არის მძიმე.
ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში. გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია და თუ თვითონ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია, - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვილნიუსში ნატოს ისტორიული სამიტი გაიმართა, სადაც ალიანსმა უკრაინის ნატოში გამარტივებული გზით გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოს პირობების შესრულება დაევალა.