"თავს გადადება და თავგანწირვა არ ფასდება და არც უკრაინას დაუფასდა" - მდინარაძე
უკრაინის და ნატოს კრიტიკით დაიწყო დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა მამუკა მდინარაძემ, რომელიც ალიანსის დისკრედიტაციას ცდილობდა. მამუკა მდინარაძე დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ვილნიუსში ისტორიულს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუფასურებასაც ცდილობდა და ამტკიცებდა, რომ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება.
მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს დაღუპულები და დაჭრილები ჰყავს, მაგრამ ეს თავგანწირვა ქვეყანას არ დაუფასდა და ამბობს იმასაც, რომ უკრაინასაც არ დაუფასდა გაწეული თავგანწირვა.
"32 ადამიანი დაგვეღუპა მისიებში, 300-ზე მეტი არის დაჭრილი, სამწუხაროდ სათანადოდ ეს ჩვენი გაწეული შრომა თავს გადადება და თავგანწირვა არ ფასდება, პირდაპირ ვთქვათ და მათ შორის ვთქვათ ისიც, რომ არც უკრაინას დაუფასდა. რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ილაპარაკონ ამ თემაზე დღეს უკრაინელმა მოქალაქემ არ იცის, როდის მიიღებენ ნატოში. როდესაც ჩემი მეგობარი ხარ, ძალიან დიდ ბიჭებთან ჩხუბობ და მათთან შედარებით, სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ვარ, ისეთი ძალა არა მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ღმერთმა კარგად გამყოფოს, შენ აუცილებლად გადარჩები, შენ შეიძლება გაიმარჯვო კიდეც, მოერიო, მხარს კიდევ უფრო დიდი ბიჭები გიმაგრებენ, მაგრამ მე თუ ამ ჩხუბში შემოგყევი და ცენტრში აღმოვჩნდი, აუცილებლად მომკლავენ, გადარჩენის შანსი არა მაქვს, მაშინ მე გეტყვი თუ ძმა ხარ, ნუ გამწირავ და რაც შემეძლება გვერდით დაგიდგები. უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოდის და გვამუნათებს კიდევ რაღაცეებს. ელჩი გამოუშვეს სააკაშვილთან დამნაშავე კრიმინალ სააკაშვილთან დაკავშირებით" - ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.