გვარამიას გათავისუფლება გამარჯვებაა, მნიშვნელოვანია, ამაზე არ გავჩერდეთ - გზავნილი ევროპარლამენტიდან
ნიკა გვარამია სტრასბურგშია - "მთავარი არხის" დამფუძნებელი უკვე მეორე დღეა ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. რამდენიმე საათში გვარამია ევროპარლამენტარებთან ერთად "შეხვედრა ყოფილ პოლიტპატიმართან"ამ სახელწოდებით საჯარო დისკუსიას გახსნის.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენემ ნიკა გვარამიას შეწყალების გამო საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. მან სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, ამაზე არ გაჩერდეს.
ნიკას განთავისუფლება ყველა ჩვენგანის გამარჯვებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამაზე არ გავჩერდეთ. მე ვცდილობ, ბოლო წლებში ასეთი კარგი ამბავი გავიხსენო საქართველოდან და არ მახსენდება. მხოლოდ ცუდი ამბები მოდიოდა. ამას ახლა დაემატა ისიც, რომ საქართველო ნატოს სამიტზე ჯეროვან დონეზე არ არის წარმოდგენილი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიასშეწყალებისთვის და მინდა მოვუწოდო, რომ ამაზე არ გაჩერდეს", - თქვა რასა იუკნევიჩიენემ.
რაც შეეხება ნაჩო სანჩესის პოზიციას, ის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მიესალმება, თუმცა იქვე წუხილს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ ციხეშია.
ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოში პოლარიზაციის პრობლემა ისევ არის და ის არ შემცირებულა:
ძალიან მნიშვნელოვანია ბატონ გვარამიას და ნებისმიერი სხვა ადამიანის ვიზიტი აქ, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. პოლარიზაცია არ შემცირებულა, რაც დიდი პრობლემაა და ბატონი სააკაშვილიც ისევ ციხეშია, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობისა.
ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიყავით იმავე პოლიტიკური ოჯახის წევრი, რომლის წევრიც იყო ქართული ოცნება, მაგრამ ჩვენ ბევრ საკითხში ვაკრიტიკებდით მათ. ახლა კი, ბოლოს რაც მოხდა ლგბტ ფესტივალთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასეთი ფაქტები არათუ არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირის ფასეულობებთან, არამედ კიდევ უფრო აშორებს მას ჩვენგან", - თქვა ნაჩო სანჩესმა.