დაშინება იმიტირებული ძარცვით - ნოდარ მელაძის ავტომობილიდან წაღებულია გარე მეხსიერების ბარათი
ჟურნალისტების დაშინება იმიტირებული ძარცვით - სამიზნე ისევ ჩვენი არხია. TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ავტომობილი ღამით გაძარცვეს.
კამერებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე, თბილისის შუაგულში, კოტე აფხაზის ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილში ნოდარ მელაძეს ყველაფერი გადმოყრილი დახვდა. წაღებულია მხოლოდ გარე მეხსიერების ბარათი, სადაც ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო მასალებს ინახავდა. დანარჩენს ხელი არაფერს ახლეს, პირადი ნივთები, რომელიც როგორც წესი, ქურდების სამიზნეა ავტომობილში იყო.
ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მძარცველებს ინტერესი ჰქონდათ საბუთების მიმართ, რომელიც მას ავტომობილში ჰქონდა.
ეს იყო ძარცვის იმიტაციის, ჩემი, როგორც ჟურნალისტის დაშინების მცდელობა იმიტომ, რომ ეს რომ ყოფილიყო რიგითი ძარცვა, ამ შემთხვევაში მანქანიდან წაიღებდნენ იმას, რაც ნახეს, ჩემი საათი ბავშვის საათი, სათვალე, პირადი ნივთები, რასაც ნებისმიერი ადამიანი მანქანაში ინახავს, ყველაფერი არის მანქანაში, არაფერზე ხელი ნახლები არ არის, წაღებულია მხოლოდ სამსახურებრივი გარე მეხსიერების ბარათი, სადაც როგორც ჟურნალისტი მასალის გადასაწერად და გადმოსაწერად ვიყენებდი.
ინტერესი ჰქონდათ საბუთების მიმართ, რომელიც მქონდა მანქანაში შესანახ ყუთში და გადმოყრილი იყო და სულ მიმოფანტული იყო ეს ფურცლები, ეძებდნენ რაღაც კონკრეტულ საბუთს, როგორც ჩანს და წაღებულია ყურსასმენები, რომლებიც მედო გარე მეხსიერების ბარათიდან ერთად" - აცხადებს ნოდარ მელაძე.
"შაბათის ეთერის" ავტორი და წამყვანი ამბობს, რომ იმიტირებულ ძარცვას წინ, რამდენიმე კვირის წინ გაჟღერებული ვერბალური მუქარები უძღოდა, თუმცა კაციტაძის უწყებამ ეს საქმეც თაროზე შემოდო:
თავდაპირველად დაიწყო ვერბალური მუქარები იცით, რომ იქნებოდა თავდასხმა ჩემზე. კოკა კაციტაძის უწყება, რომელიც დახელოვნებულია საქმეების თაროზე შემოდებით, ამ საქმეს უკვე ორი კვირაა იძიებს და ახალია ის ჩემთვის, როგორც დაზარალებულისთვის, რომ ახალი არაფერი არ არის, ახლა უკვე გადავიდნენ მოქმედებაზე და კონკრეტულად იყო ასეთი ძარცვის იმიტაციის დაშინების მცდელობა"- დასძენს გამომძიებელი ჟურნალისტი.
ნოდარ მელაძე ამბობს, რომ დანაშაულის აღმოჩენისთანავე ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ადგილზე მთელი ღამე პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობდნენ, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.
ჟურნალისტის განცხადებით, სამართალდამცავებმა ასევე დაათვალიერეს ადგილზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ვიდეო-ჩანაწერებიც, რომლითაც დამანაშავეთა მარშრუტის დადგენა და მათი პასუხისგებაში მიცემა მარტივად შეიძლებოდა, რასაც ნოდარ მელაძის თქმით, გომელაურის უწყება ამ დრომდე არ აკეთებს.
მეტიც, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, მისი ინფორმაციით, პოლიციელმა ნახა სასტუმროს კამერით გადაღებული კადრები, თუმცა მას მოატყუა და უთხრა, რომ არ უნახავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობის რეკორდი აქვს სპეცსამსახურებს ჩვენს ქვეყანაში, მე ამჯერადაც გავაკეთე შეტყობინება 112-ში. დაახლოებით, დილით 8 საათამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და მთელი ღამე გავათენე იქ, გამომძიებლებთან ერთად, რომლებმაც აიღეს თითის ანაბეჭდის ნიმუშები, სხვადასხვა ექსპერტიზისათვის საჭირო მასალები, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ იმიტომ, რომ ძალიან მარტივად შეძლო პოლიციას, გუშინ გადაახვია კამერები, ნახა, იცის გადაადგილების მარშრუტი, ეს ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, ახლა წესით დაკავებული უნდა ჰყავდეთ, მაგრამ ჟურნალისტებთან წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გომელაურის უწყება უბრალოდ ახალისებს და არ იძიებს" - უთხრა "პირველებს" ნოდარ მელაძემ.