დემოგრაფიული კატასროფა საქართველოში - რუსეთის მოქალაქეების თავშესაფრად ქცეული ქვეყანა (ევროოპტიმისტების კვლევა)
ქვეყანა რუსული საფრთხეებისა და დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა - ამ დასკვნამდე ოპოზიცია მას შემდეგ მივიდა, რაც შეისწავლეს ბოლო თვეების საგანგაშოო სტატისტიკა. ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეები სამუშაოდ უცხოეთში გარბიან, სანაცვლოდ კი საქართველო რუსეთის მოქალაქეების თავშესაფრად არის გადაქცეული.
მხოლოდ გასულ ორ წელში შრომით მიგრაციაში 250 ათას ადამიანამდეა წასული. დღეს საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი ევრო-ოპტიმისტები მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით პრეზენტაციას მართავდა.
ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ ქვეყანა ქართველებისგან იცლება. რომან გოცირიძის თქმით, საქართველომ ორი წელიწადში ზუგდიდისა და გორის ტოლფასი მოსახლეობა დაკარგა. სამომავლოდ კი სამუშაო ძალის არარსებობაზე საუბრობს.
"ჩვენი კვლევა ეხება უმძიმეს დემოგრაფიულ საკითხებს, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ კატასტროფის ზღვარზე, ქვეყანა იცლება. მარტო შარშან და შარშანწინ ქვეყანა დატოვა 87 000-მა ადამიანმა, ეს არის სხვაობა გასულებსა და დაბრუნებულებს შორის, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ 2 წელიწადში დავკარგეთ ზუგდიდისა და გორის ტოლფასი მოსახლეობა. რამდენიმე წელიწადში თუ ასე გაგრძელდება და ყოველწლიურად 50 000 კაცი წავიდა ქვეყნიდან, დარჩებიან ბავშვები და პენსიონერები და სამუშაო ძალა არ იქნება ელემენტარული" - ამბობს რომან გოცირიძე.
ხატია დეკანოიძის თქმით, მალევე უნდა მოხდეს რეაგირება დემოგრაფიული საფრთხის შესახებ, რომ ეროვნული პრობლემა არ გახდეს მართლაც დიდი და მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც შესაძლოა დიდ გამოწვევად მოევლინოს საქართველოს უახლოეს პერიოდში.
"ჩვენ მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა და ეს არის არის მხოლოდ ხმამაღალი რაღაც ისეთი უტრირებული განცხადებები ეს არის სტატისტიკის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ღია ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს რამდენად მძიმეა მდგომარეობა ამიტომ, ვფიქრობ რომ ძალიან სერიოზული მიდგომა სჭირდება სახელმწიფოს იმისთვის, რომ ეს დიდი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა რეალურად არ გადაიქცეს მართლა სერიოზულად, ძალიან სერიოზულ პრობლემად და გამოწვევად უახლოეს პერიოდში" - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის: „ევროოპტიმისტების“ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, 2012-2022 წლებში საქართველოს 244 966 მოქალაქე დარჩა უცხოეთში.
- 2022 წელს ქვეყანა 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა, რაც 2012-2022 წლებში დაფიქსირებული უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ანუ მას შემდეგ რაც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება. ეს მაჩვენებელი მაღალი იყო 2021 წელსაც – 40 825;
- 2012-2022 წლებში 244 966 საქართველოს მოქალაქე დარჩა უცხოეთში, რაც ქალაქ ბათუმისა და ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობას აღემატება;
- 2012-2022 წლებში 225 865 უცხო ქვეყნის მოქალაქე დამკვიდრდა საქართველოში;
- 2012-2022 წლებში 93 872 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში, მხოლოდ 2022 წელს – 56 369;
- 2014-2022 წლებში მოსახელობა ყველაზე მეტად შემცირდა 2021 წელს (შემცირდა 40 ათასით), რაც დაკავშირებულია პანდემიის შედეგად გამოწვეულ მაღალ სიკვდილიანობასთან და უარყოფით მიგრაციულ სალდოსთან.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 47 710 ადამიანით გაიზარდა, რაც მოხდა არა ბუნებრივი მატებით ან მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებით, არამედ უცხო ქვეყნის, ძირითადად რუსი იმიგრანტების ხარჯზე.