კაციტაძის უწყება ფორმალურად იწყებს გამოძიებას, შემდეგ ყინავს და კომბლებივით ალაგებს ჭერში ამ საქმეებს - მელაძე
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური არის ქვეყანაში უწყება, რომელიც ფორმალურად გამოძიებას იწყებს, შემდეგ კეტავს, ყინავს და კომბლებივით ალაგებს ჭერში ამ საქმეებს," - ეს განცხადება "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გააკეთა.
ნოდარ მელაძე მისი ავტომობილის გაძარცვის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ იმიტირებული ძარცვის მიზანს მისი, როგორც ჟურნალისტის დაშინება წარმოადგენდა.
იმის მიუხედავად, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა უკვე მიმართა საგამოძიებო უწყებას, რეალური გამოძიების და დამნაშავის დასჯის იმედი არ აქვს, რადგან, მაგალითად, მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, მელაძის მიმართ გახმოვანებული მუქარის ავტორები ისევ დაუსჯელები არიან.
ამ პროცესებს რა უძღოდა წინ - 2 კვირის წინ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო განცხადებები, რომ შემდეგი ნოდარ მელაძე იქნება, მაშინ ამ თემაზე საგამოძიებო სამსახურს, კოკა კაციტაძის უწყებას, რომელიც არის საქმეების თაროზე შემოდების ოსტატი, მაშინ გამომკითხეს ამ საქმეზე და დამთავრდა. პროცედურა ასეთია, რომ გამოკითხვას იწყებს საგამოძიებო სამსახური და იმის იქით საქმე აღარ მიყავს. ასეთია მაკა ანდრონიკაშვილზე თავდასხმის საქმე, სადაც არსებობდა მტკიცებულებები, ჩვენებები, პირდაპირ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ამსახველი ჩანაწერები და ეს საქმე თაროზე შემოდო კოკა კაციტაძემ, რომელიც არის დამნაშავე იმიტომ, რომ ეს უწყება შეიქმნა იმისთვის, რომ ჟურნალისტების საქმეები იყოს ოპერატიულად გამოძიებული და უფრო დაცულები იყვნენ და ამით საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენეს, რომ საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ცდილობენ და სამართლებრივ ჩარჩოს აუმჯობესებენ. პრაქტიკაში კი, ეს უწყება ჩადის დანაშაულს იმიტომ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმეებზე გამოძიებას იწყებს, ფორმალურად ამბობს, რომ გამოძიება დავიწყე, მაგრამ პასუხისგებაში მიქცევა არ ხდება და ეს არის კოკა კაციტაძის პირადი დანაშაული, რომელიც კომბლესავით ალაგებს საქმეებს თაროზე," - ამბობს ნოდარ მელაძე.
ნოდარ მელაძის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაერთ საქმეზე აქვს ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტებზე თავდასხმას, მუქარას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხება, თუმცა, კაციტაძის უწყება გამოძიებას ფორმალურად იწყებს, შემდეგ კი საქმეზე მოკვლევა ჩერდება.
მანამდე ნანუკა ჯაქაიაზე თავდასხმის საქმე იყო დოლიძის ქუჩაზე, რომელიც ასევე გამოძიება დაიწყო და თაროზე შემოდო. თუ საქმის სავარაუდო ფიგურანტი არის რომელიღაც კრიმინალური ისტორიის დროს დაკავებულის ოჯახის წევრი ფონიჭალაში, სპეცოპერაციის დროს მაგალითად, ტვ პირველის ოპერატორს მიაყენეს შეურაცხყოფა, იმას მიაქცევს პასუხისგებაში, მაგრამ როდესაც საქმე პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნესპარტნიორების მხრიდან ქალ ჟურნალისტზე სიცოცხლის მოსპობის მუქარას, სამაუწყებლო აპარატურის დამტვრევას და ცემას ეხება, ამაზე თითს არ გაანძრევს. ამიტომ ჩვენ ვიზრუნებთ იმას, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ იცოდეს იმის შესახებ, რომ კოკა კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახური არის ქვეყანაში უწყება, რომელიც ფორმალურად გამოძიებას იწყებს, შემდეგ კეტავს, ყინავს და კომბლებივით ალაგებს ჭერში ამ საქმეებს. ჟურნალისტებზე თავდასხმა, დაშინება იქცა ხელწერად, მითუმეტეს მოახლოებული არჩევნების წინ და მომეტებული რისკის ქვეშ რა თქმა უნდა არიან ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ამხელენ ხელისუფლების ჩადენილ უკანონობებს,“ - ამბობს ნოდარ მელაძე.