როდის დასანქცირდებიან საქართველოს ხელისუფლების წევრები? - კელი დეგნანის პასუხი

13.07.23 16:40
როდის დასანქცირდებიან საქართველოს ხელისუფლების წევრები? - კელი დეგნანის პასუხი

როდის დასანქცირდებიან საქართველოს ხელისუფლების წევრები? - ეს კითხვა დაუსვეს ამერიკის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მოქალაქეებმა. ამერიკის ელჩი საქართველოში ამ წუთებში მოსახლეობის კითხვებს სოციალური ქსელით პასუხობს.

ამერიკის ელჩის თქმით, დასანქცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ იღებენ, როდესაც საკმარისი მტკიცებულებები არსებობს თანამდებობის პირთა კორუფციასა თუ არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

კელი დეგნანმა სასამართლო კლანის ლიდერების დასანქცირების საკითხთან გაავლო პარალელი და აღნიშნა, რომ 4 მოსამართლის დასანქცირება მოხდა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ეს ადამიანი სასამართლო სისტემის განვითარებას და შესაბამისად, დემოკრატიის წინსვლას ხელს უშლიდნენ.

სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ და როდესაც არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია გარკვეულ არალეგალურ საქმიანობაზე, კორუფციაზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე - ამ შემთხვევაში შემდეგ ხდება უკვე დაწესება სანქციების. გახსოვთ სავიზო სანქციები 4 მოსამართლის წინააღმდეგ, ეს ადამიანები ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ გზას, საქართველოს სასამართლო სასამართლო სისტემის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი, ძლიერი დემოკრატიისთვის, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რომ სამართლიანად გადაწყდეს ბიზნეს დავები, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ინვესტიციები, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და ა.შ. როდესაც არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რომ პირი ჩადის არალეგალურ საქმიანობას და ხელს უშლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ქართველებისთვის, რაც არის ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა, სწორედ ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე ასეთი რამ", - ამბობს კელი დეგნანი.

ამერიკის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ სასამართლო სისტემა რომ რეფორმას საჭიროებს, ამაზე არა მხოლოდ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში, არამედ NATO-ს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაშიც არის საუბარი. დეგნანის თქმით, ის რეფორმები, რაც აქამდე გატარდა, არასაკმარისია.


სასამართლო სისტემის რეფორმირება არ არის მხოლოდ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ნაწილი, ამაზე საუბარი იყო საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში, ასევე NATO-ს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში, რაც საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით იგეგმება ყოველწლიურად. არსებობს რეფორმების ჩამონათვალი, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს - არის პროგრესი, თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი. ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ფაქტი, რომ აუცილებელია ამ რეფორმების განხორციელება, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ხელში და მნიშვნელოვანია არსებობდეს პოლიტიკური ნება-სურვილი ამ რეფორმების განსახორციელებლად,“ - ამბობს კელი დეგნანი.
 

მსგავსი სიახლეები