ერთ ცენტზე და კაპიკზე შემიძლია ვიყო პასუხისმგებელი, დაიჯერებს რეგიონში მცხოვრები, გაუნათლებელი ადამიანი - ზაალ დუგლაძის პასუხი
სავარაუდო კორუფცია რთველის სუბსიდირების პროგრამაში - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სკანდალურ ანგარიშში "ქართული ოცნების" დეპუტატისა და ბიძინა ივანიშვილის ძმის ბიზნესინტერესებსა და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე წერს.
"პირველებთან" სატელეფონო ინტრვიუში ზაალ დუგლაძე კორუფციულ ინტერესს უარყოფს.
მე შემიძლია ერთ ცენტზე და კაპიკზე ვიყო პასუხისმგებელი - საიდან მოხვდა, როგორ მოხვდა, რანაირად მოხვდა, ვის უნდა დააჯეროთ, მართლა დაიჯერებს რეგიონში მაცხოვრებელი, ცოტა გაუნათლებელი ადამიანი,“ - ამბობს ზაალ დუგლაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრ, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ, სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ჯამში 8 562 573 ლარი მიიღო 2013-2022 წლებში. ამასთან, კომპანიებში ზაალ დუგლაძესთან ერთად საკუთარი ბიზნესინტერესები გააჩნია ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს.
რთველის სუბსიდირებაში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 2022 წელსაც წერდა: 2021 წელს მთავრობის მიერ რთველის სუბსიდირებაზე დახარჯული 138 მილიონი ლარიდან სუბსიდიების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღეს მმართველი პარტიის შემწირველმა და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფმა კომპანიებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვამ მიიღო," - წერია ანგარიშში.