"მეგობრები პრეზიდენტს არ ივიწყებენ" - უცნობია, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი EU-ს პანელზე ჩართვას
მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც აფრთხილებდა პარტნიორებს, რომ რუსეთი არ შეიძლება იყოს ცივილიზებული სამყაროს პარტნიორი, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მიწვევას.
გია ბარამიძის თქმით, მთელი მსოფლიოსთვის ახლა აშკარა გახდა ის, რაზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტი წლების წინ აფრთხილებდა პარტნიორებს.
ხვალინდელ შეხვედრაში ჩართული იქნება გია ბარამიძე, რომელიც გეგმავს ისაუბროს იმ გაფრთხილებებზე, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა.
ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ჩვენი მეგობრები პრეზიდენტ სააკაშვილს არ ივიწყებენ. არის ის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ იწინასწარმეტყველა, რომელიც აფრთხილებდა ნატოსაც, ამერიკელებსაც და სხვებსაც, რუსეთი ამას გააკეთებს, რომ რუსეთი არ შეიძლება იყოს ცივილიზებული სამყაროს პარტნიორი. ვისაუბრებ, პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გუნდის მცდელობაზე გამოეფხიზლებინა, გამოეღვიძებინა სამყარო, რაშიც მხარს უჭერდა ბევრი მაშინდელი პოლიტიკოსი, მათ შორის, ანა ფოტიგა,“ - ამბობს გია ბარამიძე.
უცნობია, შეძლებს თუ არა პანელზე ჩართვას და პარტნიორებთან მიმართვას მიხეილ სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინფორმაციით, 18 ივლისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართება შეხვედრა სახელწოდებით "დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ... ევროპის უსაფრთხოება" საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წლის შემდეგ.
საუბარი შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს.
შეხვედრის მონაწილეებსა და დამსწრეებისთვის სპეციალური მიმართვა ექნება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ასევე, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ, ვიქტორ იუშენკოს, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ტომას ჰენდრიკ ილვესს, პოლონეთის ვიცე-პრემიერს იაროსლავ კაჩინსკის.
პანელურ დისკუსიაში უცხოელ ოფიციალურ პირებთან ერთად ჩართულები იქნებიან გიორგი ბარამიძე და ბათუ ქუთელია. ასევე მიმართვა ექნება უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს.