ამ მასკარადის მოწყობაში შსს-ს ხელს არ შევუწყობ - ნოდარ მელაძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

13.07.23 20:16
ამ მასკარადის მოწყობაში შსს-ს ხელს არ შევუწყობ - ნოდარ მელაძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

"ცდილობენ დრო გაჭიმონ, ალბათ, ეიმედებათ, რომ კამერის ჩანაწერები მერე წაიშლება ან გაქრება, რაც არაერთხელ არ მომხდარა, ამ მასკარადის მოწყობაში მე მათ ხელს არ შევუწყობ,“ - ეს განცხადება "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ გააკეთა.

ნოდარ მელაძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, რადგან საგამოძიებო უწყებაში მისულმა გაარკვია, რომ პოლიცია არა გამოძიებას, არამედ დროის გაყვანას ცდილობს.

ლექსო ლაშქარავას შემთხვევაში, როდესაც დასჭირდათ, ნახევარი თბილისის ჩანაწერები ამოიღო შსს-მ ლექსოს გასაშავებლად, ახლა, როდესაც ეს სავარაუდო დანაშაული მათი მეზობელი უწყებების მიერ არის, სავარაუდოდ, ჩადენილი, იმიტომ, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში მე ხელი შემიშალონ, როგორც გამომძიებელ ჟურნალისტს და ჩემი დაშინების მცდელობა ჰქონდეთ, ცდილობენ დრო გაჭიმონ, ალბათ, ეიმედებათ, რომ კამერის ჩანაწერები მერე წაიშლება ან გაქრება, რაც არაერთხელ არ მომხდარა, ამ მასკარადის მოწყობაში მე მათ ხელს არ შევუწყობ,“ - ამბობს ნოდარ მელაძე.

ნოდარ მელაძის თქმით, საგამოძიებო უწყება მას საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ აწვდის. მელაძის შეფასებით, იმიტირებული ძარცვის მიზანს მისი, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტის დაშინება წარმოადგენდა.

მე ვარ დაზარალებული ადამიანი, შესაბამისად, დაზარალებულ ადამიანს არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან - რა იყო, როგორ იყო, იქნებ ბომბი ჩამიდო მანქანაში ვიღაც ადამიანმა, ან შხამიანი ნივთიერება ჩაასხა ჩემს მანქანაში, რომლითაც ჩემს სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნას ჩემი პროფესიული საქმიანობის მომატებული რისკის გამო. ამ ყველაფერზე შსს არ ლაპარაკობს და მაინტერესებს, ჩემი ჩვენება, რატომ უნდა დავხარჯო ჩემი დროის 7 საათი, როდესაც დააკავებენ ამ ადამიანს, რომლის დასაკავებლად და ვინაობის დასადგენად გააჩნიათ ყველაფერი, კამერის ჩანაწერები, თითის ანაბეჭდები, კინოლოგების მირე აღებული ნიმუშები, დნმ-ის ნიმუშები, გააჩნიათ ოქმი, როდესაც ადგილზე შეივსო ოქმი, სადაც მე დავასახელე მოპარული ნივთები, რომელიც ჩემი მანქანიდან გაქრა, შესაბამისად, ეს არის საკმარისი საფუძველი პირის პასუხისმგებაში მისაქცევად, როდესაც დააკავებენ ამ ადამიანს, შემდეგ მოვალ აქ,“ - ამბობს ნოდარ მელაძე.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პოლიცია რეალურად საქმეს არ იძიებს და ფორმალურად მიდის საგამოძიებო მოქმედებები.

აღმოჩნდა, რომ პოლიციას არაფერი გაუკეთებია და ეს არის დადგმული მასკარადი იმისთვის, რომ ვითომ საქმეს იძიებენ, ფორმალურად რომ თქვან, დავკითხეთ, ვიძიებთ საქმეს, მაგრამ რეალური საგამოძიებო მოქმედებები, რაც უნდა იყოს ჩატარებული - არ არის,“ - ამბობს ნოდარ მელაძე.

მსგავსი სიახლეები