ხელისუფლება დღეს დგას წითელი ხაზის მეორე მხარს, იქ, სადაც არის რუსეთი, ბელარუსი - გეგა მგალობლიშვილი

13.07.23 21:52
ხელისუფლება დღეს დგას წითელი ხაზის მეორე მხარს, იქ, სადაც არის რუსეთი, ბელარუსი - გეგა მგალობლიშვილი

„საქართველოს ხელისუფლება დღეს დგას წითელი ხაზის მეორე მხარს, იქ სადაც არის რუსეთი, ბელარუსი,“ - ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გეგა მგალობლიშვილმა გააკეთა.

მგალობლიშვილი ნატო-ს სამიტზე საქართველოს მთავრობის მეთაურის არმიწვევას ეხმაურება და ამბობს, რომ იმ განცხადებებმა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე GLOBSEC-ზე გააკეთა, გახდა წინაპირობა საქართველოს მთავრობის მეთაურის არმიწვევის.

გეგა მგალობლიშვილი საქართველოს მთავრობის უმოქმედობას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებიც აქამდე საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერდნენ და ლობირებდნენ, ახლა სკეპტიკოსები გახდნენ.

ძალიან ლოგიკურია ის, რაც მოხდა. მე არ მახსოვს, რა იყო გაცხადებული მიზანი ამ სამიტთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი სამიტის ბოლო დღემდე იბრძოდა, რომ მას მიეღო მიწვევა, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა პარტნიორებს. მე არ მახსენდება არანაირი ნათელი განცხადება ან ნათელი კამპანია ჩატარებული, რის მიღწევას აპირებდა საქართველო. 
მეორე, საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორებს დაუტოვა აღქმა იმისა, რომ დღევანდელ ქართულ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, რომ გახდეს ალიანსის წევრი. 
მესამე, წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია ცდილობდა შეექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ლობი ალიანსში, რომლებიც იყვნენ საქართველოს მუდმივი მხარდამჭერები ჩვენი ინტეგრაციული პროცესების, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადევნებდნენ თვალს - ამ ხელისუფლებამ ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ, აქციეს სკეპტიკოსებად. 
მეოთხე, სამიტის მომზადება იწყება თვეებით ადრე და წინ უსწრებს შეკრებები, კონფერენციები, მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფალი ამ GLOBSEC-ზე, თავისთავზე იღებს იტვირთოს კრემლის რუპორის როლი და გააჟღეროს კრემლის ნარატივი იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ბარბაროსული ქმედებები და აგრესია მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ უკრაინას უნდოდა გაწევრიანება ნატოში, ბუნებრივია, როცა ამ ზღვარსაც გადადიხარ და ალიანსს ადანაშაულებ იმაში, რომ არაპირდაპირ, რომ მოახდინა ომის პროვოცირება, მიიღებ იმ შედეგს, რაც მიიღე. ბუნებრივია, ამ ტიპის მთავრობის ხელმძღვანელები არ არიან ყველაზე მიღებული ამ ტიპის შეხვედრებზე,“ - განაცხადა მგალობლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები