გაშიფრულია თაღლითური სქემა - სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთების მიტაცებაში მხილებული 8 პირიდან 1 საჯარო მოხელეა
გაშიფრულია თაღლითური სქემა. სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთების მიტაცებაში რვა ადამიანია მხილებული. რვა ეჭვმიტანილიდან ერთი საჯარო მოხელეა. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ქონება ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტებითა და ცრუ მოწმეების დახმარებით გაიფორმეს. სამი მიწის ნაკვეთი ახლა დაყადაღებულია. ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური კი იტყობინება რომ ბრალდბულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა რვა პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა, საერთო ჯამში 713 942 ლარის ღირებულების 6 809 მ2 ფართობის 3 მიწის ნაკვეთი.
გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.