იმედია, ზურაბიშვილი, ამ შემთვევაში მაინც, ვიღაცის ინტერესების კარნახით არ იმოქმედებს - კობახიძე სააკაშვილის შეწყალებაზე
შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს რადას მიმართვის შემდეგ - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
ირაკლი კობახიძე რადას მიმართვაში ხედავს მიზანს, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს და მეორე ფრონტი გაიხსნას.
აქ ჩანს კოორდინაცია და კოორდინაციას აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლარიზაცია, არეულობა და ეს არის, საბოლოო ჯამში, მეორე ფრონტი. თუ დააკვირდებით ზუსტად ერთი და იგივე ადმაიანები არიან ყველგან ჩართული კოორდინაციაში, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. მათ შორის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოგივწოდებდნენ პირდაპირ მეორე ფრონტისკენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზანი.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საბოლო ჯამში, ქვეყნის ინტერესებში, არა ვიღაცის ინტერესების კარნახით, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით, ვნახოთ, როგორი იქნება მისი პოზიცია,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.
შეიწყალეთ მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის უმაღლესმა რადა საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. მიმართვის მიზანს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნა წარმოადგენს. უკრაინის რადა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, განახორციელოს ჰუმანიტარული აქტი და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შესანარჩუნებლად უმაღლესი რადა გეგმავს, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მისცეს საშუალება უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში უფლებამოსილ პირს, დმიტრი ლუბინცს, მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.