არასერიოზული და სამარცხვინოა, რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ - კობახიძე ევროდეპუტატების ღია წერილზე

14.07.23 12:45
არასერიოზული და სამარცხვინოა, რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ - კობახიძე ევროდეპუტატების ღია წერილზე

"ჩვენ ვიმოქმედებთ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების კარნახით," - ასე პასუხობს 44 ევროპარლამენტარის ღია წერილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების წერილს სამარცხვინოს და არასერიოზულს უწოდებს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს კვლავ პოლარიზაციის გაღვივებაში ადანაშაულებს.

მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები. თქვენ გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი ყოველ დღე კვდებოდა. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა აღარ კვდებოდეს ყოველ დღე. რაღაც მომენტის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. ეს უბრალოდ არასერიოზული და სამარცხვინოა, რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ. ეს არის არა მარტო აბსურდი, არამედ უბრალოდ სამარცხვინოა. თამამად შეიძლება ითქვას, ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული მიზანი - მიზანი არის პოლარიზაციის გაღვივება, მიზანი არის ქვეყანაში რაღაც არეულობის შემოტანა, მიზანი არის მეორე ფრონტი. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ დავუშვებთ. ჩვენი მიზანი არის საპირისპირო. ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია, ჩვენ არ გვინდა ქვეყნის არევა და ჩვენ გვინდა მშვიდობა ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმოქმედებთ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების კარნახით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

"აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა EU-ს წევრ ქვეყანაში, სადაც სათანადო სამედიცინო დახმარებას მიიღებს," - ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს ღია წერილს ავრცელებენ.

44 ევროპარლამენტარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბოლო სასამართლო სხდომიდან ნანახი კადრებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას შემაშფოთებლად აფასებს. ევროდეპუტატების შეფასებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუარესებულია, რაც მათ უჩენთ განცდას, რომ ამჟამინდელი მკურნალობა არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტარები ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებენ, მისცენ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები