ვეტოს დაძლევის გაყალბება - პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ტვ პირველს" ვიდეოკადრებისა და ფოტო მასალის გადაცემას სთხოვს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ტვ პირველს“ თხოვნით მიმართავს და ტელეკომპანიისგან „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევის გაყალბების ამსახველი კადრების გადაცემას ითხოვს.
ადმინისტრაცია ტელევიზიას სთხოვს, გადასცეს ვეტოს გაყალბების ამსახველი ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები, რომელიც "საარჩევნო კოდექსის" კანონპროექტზე ვეტოს დაძლევისას ჟურნალისტებმა გადაიღეს.
მოგმართავთ თხოვნით, რომ მოგვაწოდოთ პარლამენტის სხდომათა დარბაზის ვიდეოკადრები, რომელიც თქვენმა მედიაჯგუფმა გადაიღო 2023 წლის 3 ივლისს, 16:10 საათიდან 16:40 საათამდე შუალედში, პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დაძლევის კენჭისყრისას,“ - წერია ადმინისტრაციის მიმართვაში.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტო გააყალბა. მტკიცებულებების მიხედვით, დარბაზში იმ დღეს დეპუტატების საკმარისი რაოდნეობა არ იმყოფებოდა.
არსებობს აღიარებითი ჩვენებები „ოცნების“ წევრების მხრიდანაც, რომლებიც ამბობენ, რომ არ ისხნდნენ სხდომათა დარბაზში, თუმცა მათ ნაცვლად თანაგუნდელებმა მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 3 ივლისს განიხილა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შესაბამისად, პრეზიდენტის ნაცვლად ქვეყანაში ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე ინფორმაციას ითხოვს.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით რომ პროცედურული დარღვევებია, ამაზე გირჩის ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი რამდენიმე დღეა, საუბრობს. დეპუტატის ინფორმაციით, ვეტოს დაძლევას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 2 იყო "ევროპული სოციალისტებიდან" და 9 "ხალხის ძალიდან". შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხარეს ვეტოს დასაძლევად 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა დარბაზში რეალურად "ოცნების" მხოლოდ 61 დეპუტატი იმყოფებოდა.