მელაძის მანქანის გატეხვის საქმე - მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ დამნაშავე ხელისუფლების მითითებით მოქმედებდა
ვინ იყო დამკვეთი და რა მიზნით გატეხა „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის ავტომობილი არასრულწლოვანმა - იმიტირებული ძარცვის საქმეზე თითქოს წინწაწეული გამოძიება კითხვებს უჩენთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
დაკავებულია ერთი მოზარდი, რომელიც პოლიციის მტკიცებით, მსგავს დანაშაულებში ადრეც შემჩნეულია. ახლა მთავარი კითხვაა, თუ ავტომობილი გატეხა, რაში დასჭირდა მოზარდს მხოლოდ გარე მეხსიერების ბარათის წაღება, რომელზეც ჟურნალისტი პირად მასალებს ინახავდა.
მესამე სექტორში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა არასრულწლოვნის უკან კონკრეტული პირები იდგენ და სავარაუდო დამნაშავე სხვების დავალებით მოქმედებდა.
ფაქტი, რომ მხოლოდ მეხსიერების ბარათი არის წაღებული მანქანიდან ძარცვის შემდეგ, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ სწორედ ეს ინტერესი არსებობდა ნოდარ მელაძესთან მიმართებით, რომ ინფორმაციის მოპოვების საკითხი, რომელიც შესაძლოა, ამ მეხსიერების მატარებლებზე ყოფილიყო. ეს გამოძიების საგანი უნდა იყოს,“ - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
ცალსახად და ობიექტურად არის ბევრი ლეგიტიმური კითხვა და, შესაბამისად, ამას თუ ხელისუფლება არ გასცემს პასუხს, რა თქმა უნდა, გაიზრდება ეჭვები, რომ ხელისუფლება ან აფარებს ან არ ახორციელებს გამოძიებას. იმდენად რთული მედია გარემო არის და იმდენად ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მხრიდან თუ პოლიტიკოსების მხრიდან, თუნდაც ძალადობაზე არასათანადო რეაგირება, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია ბევრი კითხვა და ეჭვი. ამიტომ თუ ხელისუფლება ვერ გასცემს პასუხს, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეცოდინება, რომ იმიტომ არ იცავს მედიას, რომ არ მისცეს საშუალება, რომ იგივე საზოგადოებამ გაიგოს, ტენდერები, გამოძიებები, რომელსაც თქვენი მედია, ჟურნალისტები, პრაქტიკულად, ყოველკვირეულად აშუქებენ,“ - ამბობს მამუკა ანდღულაძე.