ახლა ხელისუფლებისთვის არის გამოსავალი - წაიყვანს უკრაინა სააკაშვილს და ამით დიდი პრობლემა მოეხსნება "ოცნებას" - ახვლედიანი
„უკრაინის ხელისუფლებას აქვს ყველა საფუძველი იმისთვის, რომ იბრძოლოს, მოითხოვოს კატეგორიულად, მისი მოქალაქის და მის ქვეყანაში საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმეების გამკეთებელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და დაბრუნება უკრაინაში,“ - ასე ეხმაურება არმაზ ახვლედიანი უკრაინის რადას მიერ მიღებულ პროექტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
არმაზ ახვლედიანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ უკრაინის რადას მოთხოვნას ყურადღება მიაქციოს და გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვას.
ყველა დარწმუნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ეს უნდა განვიხილოთ ჰუმანიტარულ ჭრილში, იმიტომ, რომ აქ საუბარი არ არის უკრაინული მხარის მხრიდან მართალია თუ დამნაშავეა სააკაშვილი, რა და როგორ უნდა იყოს იურიდიულად, საუბარია იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე დაზიანებული ითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას და ეს შესაძლებელია მოხერხდეს არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, უკრაინაში ან პოლონეთში. თუ შევხედავთ საკითხს ჰუმანიტარულ ჭრილში, მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც გარკვეულები იყვნენ ამ საკითხში, სააკაშვილს აქვს უფლება, რომ იყოს ცოცხალი. მოდით ნურავინ ნუ იტყვის -რა დააშავა სააკაშვილმა, მე თქვენზე არანაკლებ ვიცი ამ დანაშაულების შესახებ და ამის გამო მისმა ხელისუფლებამ გადაიხადა საკმაოდ მძიმე ფასი და დღემდე იხდის, მაგრამ ეს არის გამართლება იმისთვის, რომ ადამიანი დღისით, მზისით გარდაიცვალოს საპატიმროში. ეს არის აბსურდი, არაჰუმანური დამოკიდებულება და ხელისუფლებასაც ვურჩევ, რომ სწორედ ამ კონტექსტში მიუდგეს საკითხს. ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის გამოსავალი - წაიყვანს უკრაინა სააკაშვილს და ამით დიდი პრობლემა მოეხსნება ქართულ ოცნებას,“ - ამბობს ახვლედიანი.