ხელისუფლების შეცვლა უკვე ათასჯერ გათელილი ფორმულებით არასერიოზულია - თაზო დათუნაშვილი
„როცა მიზანია ხელისუფლების შეცვლა, მისი შეცვლა უკვე ათასჯერ გათელილი ფორმულებით არასერიოზულია,“ - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი ოპოზიციურ ფლანგში გადალაგებას.
დათუნაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთიანებას ეხმაურება და ამბობს, რომ მათ მცდელობას ხელისუფლების ცვლილება არ მოჰყვება.
ამ ქვეყანაში უკვე 11 წელზე მეტია, უკვე ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელსაც ხელისუფლებიდან ვერ ვაშორებთ, ჯერჯერობით, იმ ტრადიციული და სტანდარტული კონფიგურაციებით, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში ვადევნებთ თვალყურს ამ დღეებში. ზუსტად იგივე კონფიგურაცია, იგივე განაცხადი არ გახსენებთ რამდენიმე წლის წინ მიმდინარე ზუსტად იგივე პროცესს? არ მგონია, რომ ეს ქვეყანა, რომელიც არის შესული გეოპოლიტიკურ ჩიხში, რომელიც გადარჩენის პრობლემის წინაშე დგას, რომლის მოქალაქეებიც ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან ყოველ დღე, ამ ქვეყანას ეგზისტენციალური პრობლემები უდგას და ამ მოცემულობაში გარდატეხაა საჭირო, აბსოლუტური განახლებაა საჭირო, სრულიად ახალი პოლიტიკური შემოთავაზებაა საჭირო. ასეთ ვითარებაში, როცა მიზანია ხელისუფლების შეცვლა, მისი შეცვლა უკვე ათასჯერ გათელილი ფორმულებით არასერიოზულია, ზუსტად იგივე გადათამაშების მცდელობა გადმოიტანო, რომელიც 2018 წელს წარუმატებელი იყო, ამ წარუმატებელი ფორმულის გადმომღერებით ვინმეს რატომ ჰგონია, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს,“ - ამბობს თაზო დათუნაშვილი.