ევროპარლამენტარებისგან მოველი ბოდიშს - პაპუაშვილი
ევროპარლამენტარებისგან მოველი ბოდიშს - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 44 ევროპარლამენტარის მიერ გამოგზავნილ წერილში ვერცერთი ბოდიში ვერ ამოიკითხა.
„მივიღე 44 ევროპარლამენტარის მიერ გამოგზავნილი წერილი, წავიკითხე და, სამწუხაროდ, ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე. არადა, მე ერთადერთი მოლოდინი მაქვს ამ დეპუტატებისგან, რომ მოვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია, რაც ეს ევროპარლამენტარები მონაწილეობენ იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ სააკაშვილთან დაკავშირებით, თითქოს მას არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება, თითქოს ის მოწამლეს ან აწამეს. კიდევ ვიმეორებ ევროპარლამენტარებისგან ერთადერთი რასაც მოველი, მოველი ბოდიშს “, - აცხადებს პაპუაშვილი.
44 ევროდეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.