ნებართვა ღარიბაშვილის ნათელ-მირონისთვის - ვინ მფარველობს მშენებლობას, რომელმაც ხალხს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია
მშენებლობის ნებართვა ირაკლი ღარიბაშვილის ნათლულის მამისთვის - თბილისის ცენტრში, სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად, 180 მეტრიანი კორპუსს ნოშრევან ნამორაძე აშენებს.
ხალხის და საკრებულოს წევრების პროტესტის მიუხედავად, თბილისში, ყველზე მაღალი ნაგებობის მშენებლობას თბილისის მერია შუქს დაჩქარებული ტემპით უნთებს. ოპოზიციას ეჭვი აქვს რომ ეს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ბრძანებაა. კომპანია "ვი არ ვაკე", რომელმაც ეს ცათამბჯენი უნდა ააშენოს, ნოშრევან ნამორაძე ეკუთვნის. ნოშრევან ნამორაძის შვილის ნათლია პრემიერი მინისტრია.
180 მეტრიან ცათამბჯენში 70 ათას კვადრატულს მხოლოდ კომერციული და საცხოვრებელი კომპლექსი დაიკავებს. 47 სართული მიწის ზევით იქნება. აქედან 37 საცხოვრებელი ბინები, 5 სართული კი კომერციული ფართები იქნება. შენობის ბოლო სართულებზე განთავსდება ფიტნეს ცენტრი, აუზი, რესტორანი და დარბაზები. თბილისში ყველაზე მაღალი შენობა თავის სრული კომპლექსით 3 დინამოს სტადიონის ფართობის იქნება და ორჯერ უფრო დიდი იქნება ვიდრე რიყის პარკია.
პრემიერის ნათელ-მირონი ნამორაძე ყიდულობს ირგვლივ ყველა ტერიტორიას, რომ მშენებლობის მასშტაბი რაც შეიძლება სულ უფრო მეტად გაზარდოს. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთადერთი საპარკინგე სივრცესაც კი, რომელიც ამ გადატვირთული ტერიტორიისთვის ავტომობილების გასაჩერებლად ერთადერთი შვებაა, ნოშრევან ნამორაძისთვის ამზადებენ. ამიტომ 30 მაისს საკრებულოს გვერდის ავლით გამოაცხადეს აუქციონი, მხოლოდ ნამორაძისთვის მორგებული პირობებით.
ადგილობრივები და ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ათასობით კვადრატულ მეტრზე მშენებლობა თბილისის ცენტრში ამ ტერიტორიისთვის განაჩენის ტოლფასია. სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუვალია. ჭავჭავაძის ეს ისედაც გადატვირთული გზა ახლა დამატებით უნდა მოემსახუროს მრავალფუნქციური კომპლექსის ასეულობით ბინადარს. ხალხი ამბობს, რომ ამ ე.წ დიდი ბოთლების შემდეგ, ვერც კი წარმოედგინათ, რომ დამატებით კიდევ ცათამბჯენს აუშენებდნენ
ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძისთვის პრემიერთან დანათესავება სარფიანი აღმოჩნდა. მან მასშტაბური სამშენებლო პროექტისთვის მთავრობის ყველა წევრთან, ყველაფერი დაალაგა, მათ შორის თეა წულუკიანთანაც, რომლის უწყების ბალანსზეც ირიცხებოდა სპორტის უნივერსიტეტი. რა მოგებას ნახავს ნამორაძე ამ დიდი ბიზნეს პროექტით? მის შემოსავალი სუფთა მოგების სახით 28 მილიონი დოლარით გაიზრდება. მშენებლობა ვაკის შუაგულში 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.