ე.წ. ქურდული საერთო განვადებით - რა სისტემით ხდება ბიზნეს დავების გადაწყვეტა?
ე.წ. ქურდული საერთო 12 თვიანი განვადებით - ირკვევა, რომ ე.წ. კრიმინალური გარჩევებისას გამტყუნებულებს თუ ფული არ აქვთ, აიძულებენ, ხარკი 1 წელიწადზე გადაანაწილონ და ისე გადაიხადონ.
კაცი, რომელიც "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ ჩანაწერში, ე.წ. ქურდული საერთოს გადახდას უპროცენტო განვადების წესებით ითხოვს, 53 წლის ანზორ შარმაიძეა.
"კრიმინალური ავტორიტეტების" წარმომადგენელი დავების მოგვარების საკითხში წარსულში საქართველოში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლის, ფრედი ვუდროფის განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ციხეში გატარებული 15 წლის შემდეგ, შარმაიძე უკან საპატიმროში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის შეაბრუნეს და 10 წლით პატიმრობა ემუქრება. შარმაიძეს ახლა პროკურატურა, ქურდული საერთოდ დაკისრებას და აგროვებას ედავება, საუბარია 8500 ლარზე.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა პოლიციის ფაილები, სადაც გაშიფრულია სქემა, რა სისტემით ხდება საქართველოში ე.წ. ქურდების ჩარევით ბიზნეს დავების გადაწყვეტა.
ირკვევა, რომ მოქალაქეები სასამართლოს ნაცვლად, საქმის გარჩევას ქურდებს ანდობენ, მათი ვერდიქტის შესრულება კი სავალდებულოა. თუ გამტყუნებულ მხარეს ფული არ აქვს, ახლა უკვე ხარკის გადახდას განვადებით სთავაზობენ. თუ ყოველთვიური გრაფიკით ფულის გადახდაზე უარს იტყვიან ემუქრებიან.
აუდიოფაილებით რომელიც "შაბათის ეთერის" ხელშია, დგინდება, რომ ე.წ. ქურდებით წყდება მრავალათასიანი დავები და უფრო მცირე მასშტაბის საქმეებიც. მაგალითად, თამბაქოს ჯიხურის მფლობელს, ეჭვი ჰქონდა, რომ გამყიდველი, რომელიც მისი ნათესავია, პერიოდულად ფულს ჰპარავდა, მან აღწერის შედეგად 8500 ლარიანი დანაკლისი იპოვა და გამყიდველს საქმე ე.წ. ქურდებთან გაურჩია. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების წარმომადგენელი კი ანზორ შარმაიძე იყო.
თამბაქოს მაღაზიის მფლობელი ფარულ სატელეფონო საუბარში ამტკიცებს, რომ ფული მაღაზიიდან იქ დასაქმებულმა ნათესავმა, ლევან მეზვრიშვლმა მოპარა. „შავ სამყაროს“ ხარაიშივლმა სწორედ ამ თანხის ამოღებაში დასახმარებლად მიმართა.
ამ სატელეფონო საუბრიდან მალევე ანზორ შარმაიძე მაღაზიის მფლობელს არწმუნებდა რომ ქურდები ევროპიდან, მათი მხარდამჭერები თბილისიდან და ქუთაისიდან, მთელი კრიმინალური სამყარო თამბაქოს მაღაზიიდან გაუჩინარებული 8500 ლარის დასაბრუნებლად გარჩევებში ჩაერთო.
პოლიციის ფაილების მიხედვით, მოვაჭრესა და გამყიდველს შორის ფინანსური დავის ქურდული წესებით მოგვარებაში, სავარაუდოდ ჩართული იყო საბერძნეთის ციხეში მყოფი ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი", პაპუნა დევნოზაშვილი, ანზორ შარმაიძე ირწმუნებოდა რომ მისი სახელით მოქმედებდა.
ე.წ. ქურდული გარჩევის ერთჯერადი საფასური 600 ლარია. ბინას, სადაც შეხვედრა ეწყობა შუამავალი ქირაობს, ასე აღმოჩნდა, მახათას მთაზე მაღაზიის გამყიდველი, თუმცა მარტო არც ის მისულა, მის ინტერესებს "რაზბორკაზე" „ჩუქჩა“ იგივე გიორგი შინჯიაშვილიც იცავდა.
რამდენსამე საათიანი გარჩევის შემდეგ ანზორ შარმაიძემ ვერდიქტი გამოაცხადა და მაღაზიის გამყიდველს ფულის დაბრუნება დააკისრა, თუმცა უთხრა რომ ე.წ. ქურდული სამყაროში ახლი წესები მოქმედებდა. ამ წესის მიხედვით, კი მან მაღაზიის გამყიდველს რამდენიმე თვეზე გადაუნაწილა და ყოველი თვის 10 რიცხვში ქვეანგარიშზე 400 ლარის ჩარიცხვა დაავალა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად კი ვიდეოს და ფოტოს გადაღების მითითებაც მისცა.
თუმცა ეს ანზორ შარმაიძის და ლევან მეზვრიშვილის ბოლო კომუნიკაცია არ ყოფილა. როგორც ჩანს ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა მოდავე მხარესთან გარიგებაში შესვლა და დამატებითი ფული ამოღებაც გადაწყვიტა. ე.წ. ქურდული გარჩევის შემდეგ მან მაღაზიის გამყიდველს დაურეკა მფლობელს აგინა და მას სისტემატურად საკუთარ ტელეფონზე თანხის ჩარიცხვაც დაავალა.
საბოლოოდ ეს გარიგება ჩაიშალა, მაღაზიის გამყიდველმა შარმაიძის "ქურდული ვერდიქტი" არ შეასრულა. დაკისრებული 400 ლარი მისი ბიძაშვილის ანგარიშზე მხოლოდ ერთხელ ჩარიცხა. გადაწყვეტილების გასაჩივრება კი ავლაბრელ ე.წ. ძველ ბიჭებთან -"როკისთან" და "მურადასთან" სცადა. თუცმა ეს შესახებაც ჩაიშალა.
საბოლოო ჯამში ციხეში აღმოჩნდა ანრი ხარაიშივლი - მაღაზიის მფლობელიც რომელმაც 8500 ლარის დაბრუნება ე.წ. კრიმინალების ჩარევით გადაწყვიტა.