"ოცნება" ოკუპაციის კანონის დამრღვევ რუსებს წითელი ხალიჩით ხვდება - ოპოზიცია

17.07.23 12:39
"ოცნება" ოკუპაციის კანონის დამრღვევ რუსებს წითელი ხალიჩით ხვდება - ოპოზიცია

რუსი ბლოგერის, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული,  საქართველოში შემოსვლა ოპოზიციას არ უკვირს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ქართული ოცნება" არა ქართველი ხალხის, არამედ კრემლის ინტერესებს ემსახურება. 

როდესაც ხელისუფლება ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესს, არამედ პირდაპირ კრემლის და რუსეთის ინტერესს, არ არის გასაკვირი, რომ ასეთი არასასურველი ადამიანები ხვდებიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. დიახ, ეს მათ შორის არის ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა, - ამბობს "ლელოს" წევრი  საბა ბუაძე.

ენმ-ს წევრი გიორგი კაპანაძე კი ამბობს, რომ ხელისუფლება კრემლთან გარიგებულია და ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს წითელი ხალიჩით ხვდება. 

იმ პირების შემოშვება საქართველოში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონი და ნამყოფი არიან ოკუპირებულ აფხაზეთში ნიშნავს იმას, რომ რუსული ოცნება პირდაპირ გარიგებულია კრემლთან და მათთვის სასურველ პირებს პირდაპირ წითელი ხალიჩით შემოუძღვება ხოლმე საქართველოში,  - ამბობს გიორგი კაპანაძე

"სტატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ხელისუფლებისთვის საქართველოს კონსტიტუცია და ოკუპაციის შესახებ კანონი მხოლოდ ფარატინა ქარალდია. 

კრემლის და ომის დამნაშავის ლავროვის სანქცირებულს ოჯახის წევრებს უშვებენ, იცავენ აქ, დიდი ზარ- ზეიმით პატივით აცილებენ, გასაკვირი არ იქნება, რომ ახლა მორიგი რუსი ბლოგერი, რომელსაც სავარაუდოდ, დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომ შემოუშვან. ეს არის, საერთოდ, ფარატინა ქაღალდი "ქართული ოცნების" და მათთვის ფარატინა ქაღალდია, როგორც ოკუპაციის შესახებ კანონი, ასევე ფარატინა ქაღალდს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია კანონები,  - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

ოკუპაციის კანონის დამრღვევი რუსი ბლოგერი დილიდან თბილისის ქუჩებში სეირნობს,  ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებს  და მოგზაურობის ამსახველ კადრებს სოციალურ  ქსელში აქვენებს.  რუსეთის მოქალაქე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთშია ნამყოფი, თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. ის  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ქართველმა მესაზღვრეებმა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უპრობლემოდ შემოუშვეს. 

მსგავსი სიახლეები