ეჭვებით ვერ ვიხელმძღვანელებ, არა მგონია, ესენი პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ - გიული ალასანია პოლონელ ექიმებზე
"არა მგონია, ესენი პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ და დანარჩენი მე არაფერი ვიცი, ვნახოთ გაირკვევა, დაველოდოთ დასაბუთებულ კომენტარს” - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გააკეთა.
გიული ალასანია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება, რომლითაც იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშების მალულად გატანა ფეხსაცმელის საშუალებით სცადა.
მე ეჭვებით ვერ ვიხელმძღვანელებ. მე მოვისმინე ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ეს მედიკოსები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექიმები არიან. ეს ჩემთვისაც გულისხმობს მაღალ კვალიფიკაციას. არა მგონია, ესენი პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ და დანარჩენი მე არაფერი ვიცი, ვნახოთ გაირკვევა, დაველოდოთ დასაბუთებულ კომენტარს. სად ადასტურებს? მე არ მომისმენია, მაშინ ზურაბ ჩხაიძეს სცოდნია და მას ჰკითხეთ. მე არ მომისმენია და ვერაფერს გეტყვით. მე ვიდრე არ მოვისმენ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში ეჭვი მეპარება. ეჭვი კი არა სახეზე მყავს ჩემი შვილი, როგორ შეიძლება ეჭვი არ მეპარებოდეს და რამის მჯეროდეს?!”, - განაცხადა გიული ალასანიამ.