მორიგ აბსურდს იტყვიან, რომ ბელგიის მთავრობა ოპოზიციის გავლენის ქვეშ არის - ანა ნაცვლიშვილი
„ბელგიასაც თუ დააბრალებენ, რომ ბელგიის მთავრობა ოპოზიციის გავლენის ქვეშ არის, ალბათ, მორიგ აბსურდს იტყვიან, არ შერცხვებათ შავზე თეთრის თქმა,“ - ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველო არა უსაფრთხო ქვეყანათა რიგებში შეიყვანა.
ნაცვლიშვილის შეფასებით, არ გაჰკვირვებია სიტუაციის ასეთი განვითარება, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
ძალიან ცუდია ასეთ რამ, იმიტომ, რომ სახელმწიფოები, როდესაც განსაზღვრავენ უსაფრთხო ქვეყნების სიას, ეს არის ძალიან მრავლისმთქმელი, როგორც ქვეყნის შიგნით ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთ არა უსაფრთხო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასევე, რა თქმა უნდა, პოტენციური ტურისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის. მაგრამ, რომ დავსვათ კითხვა - გვიკვირს? - ეს არის სწორედ როცა ჩვენ ვსაუბრობთ რუსული ხელისუფლების საფრთხეებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეს არის როდესაც ვსაუბრობთ „ქართული ოცნების“ მავნებლურ პოლიტიკაზე, ეს რაღაც აბსტრაქტული ზიანი კი არ არის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს, ეს არის ძალიან კონკრეტული ზიანი გამოხატული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ბიზნეს და ეკონომიკურ შანსებზე, ტურიზმის, ინვესტიციების მოზიდვის შანსებზე,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ჩამონათვალში, რომელიც ბელგიის იუსტიციის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა, საქართველო არ იძებნება. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვლიდან ქვეყნის ამოღება ნიშნავს, რომ საქართველო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებიის უსაფრთხოებას ვერ იცავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემა ბელგიის ტერიტორიაზე უფრო გამარტივდება.