აუსტრევიჩიუსი მაკრონის ბანდის წარმომადგენელი გამოდის - თამარ გუგულაშვილი
"ეს ადამიანები დღეს დეპუტატები არიან, მაგრამ მათ აქვთ ძალიან დიდი წონა თავის პარტიაში, ქვეყანაში, იმ მთავრობებში, რომლებმაც უნდა მიღონ ჩვენზე გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში," - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარებზე მიტანილ ახალ იერიშს ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი „მწვანეთა პარტიიდან“, თამარ გუგულაშვილი.
თამარ გუგულაშვილის თქმით, მმართველი ძალის ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკა ევროპარლამენტში ქმნის აღქმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი არ უნდა.
გუგულაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კორექტული განცხადებები გააკეთონ, რადგან სწორედ ამ ევროპარლამენტარების განწყობაზეა დამოკიდებული საქართველოზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
ამ კომენტარს ექნება ისეთივე აღქმა ევროპარლამენტში, როგორც სხვა მსგავს თავდასხმებს აქვს. ეს დიდი ხანია მიმდინარეობს, უბრალოდ, როცა ვამბობთ, რომ ევროპარლამენტარები დესტრუქციული ძალის წარმომადგენლები არიან, ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან - როდესაც ვლაპარაკობთ დეპუტატებზე, რომლებიც გარკვეულ მესიჯს მოიწერებიან, წერილს მოიწერებიან მთავრობასთან, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ საქართველოზე თავის პოლიტიკურ ჯგუფში და მათ პოზიციაზე დგას შემდეგ მათი პოლიტიკური ჯგუფი და როდესაც ვამბობთ, რომ ესენი არიან გარკვეული ბანდის წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში აუსტრევიჩუსზე ვსაუბრობთ, ეს ადამიანი არის მაშინ მაკრონის ბანდის წარმომადგენლები, ამ ადამიანების ენაზე რომ ვისაუბროთ, ვინც ეს კომენტარი გააკეთა, იმიტომ, რომ პეტრას აუსტრევიჩუსი არის მაკრონის პარტიიდან, ვიოლა ფონ კრამონი არის გერმანიაში ამჟამად მთავრობაში მყოფ "მწვანეთა პარტიიდან". ეს ადამიანები დღეს დეპუტატები არიან, ხვალ შეიძლება საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერები გახდნენ, ან გუშინ იყვნენ პრემიერმინისტრები ანდაც პრეზიდენტები. სასაცილო არ არის ეს შეტევა, ზოგს სასაცილო ჰგონია ეს თავდასხმები, მაგრამ ეს ძალიან სამწუხაროა, ეს ადამიანები დღეს დეპუტატები არიან, მაგრამ მათ აქვთ ძალიან დიდი წონა თავის პარტიაში, ქვეყანაში, იმ მთავრობებში, რომლებმაც უნდა მიIღონ ჩვენზე გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში,“ - ამბობს თამარ გუგულაშვილი.
დღეს ევროპარლამენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკრიტიკებენ და იმ ლექსიკას უწუნებენ, რომლითაც მან სამთავრობო გუნდი მოიხსენია და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს ევროპარლამენტარის განცხადება - უხეშად, არაკორექტულად შეაფასეს და დეპუტატი უზრდელად მოიხსენიეს.
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი, პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს: "ბევრი უნდა ისწავლო და ნაკლები იოცნებო", - წერს გავლენიანი ევროპარლამენტარი ღარიბაშვილის საპასუხოდ.