შეიძლება ოფიციალურად აღებული ნიმუშიც საფრთხის ქვეშ დადგეს - ვოლსკი
"წარმოუდგენელი აქცია, რაც პოლონელმა ექიმმა ჩაატარა, მიუთითებს იმ საშიშროებაზე, რომ შეიძლება ოფიციალურად აღებული ნიმუშიც საფრთხის ქვეშ დადგეს," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პოლონელი ექიმის მიერ ნიმუშების გატანის მიზანს შედეგების "გაყალბება" წარმოადგენდა.
ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვიფიქროთ, არის ის, რომ მას ჰქონოდა ე.წ. მარცხენა ეგზემპლარები ნიმუშებისა, რათა ჩაენაცვლებინა ის, რაც ოფიციალურად აიღეს და ოფიციალურად უნდა გადაეცათ ლაბორატორიისთვის. ოფიციალური გადაცემა დალუქული ნიმუშების სერიოზულ კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ, როცა მისი ჩანაცვლების ეჭვი ჩნდება, უნდა ვიფიქროთ, რომ თუკი ვინმე დაინტერესებულია, უკვე ოფიციალურად დალუქულ ამ ნიმუშებსაც გარკვეული საფრთხე ექმნება. მე როგორც პარლამენტის წევრი, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლონეთის მხარეს მივმართავ, რომ საგანგებო კონტროლი დააწესონ დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში კანონიერად ჩაბარების პროცესზე. იმ ვითარებაში, როცა პარტიზანულად აღებული ნიმუშის თემა შემოდის, ეს საფუძველს იძლევა იმისა, რომ გაყალბების წინაპირობა იქმნებოდა ნიმუშების. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს წარმოუდგენელი აქცია, რაც ჩაატარა პოლონელმა ექიმმა მიუთითებს იმ საშიშროებაზე, რომ შეიძლება ოფიციალურად აღებული ნიმუშიც საფრთხის ქვეშ დადგეს", - განაცხადა ვოლსკიმ.