უკრაინაში "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნდა
„მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა“ დაფუძნდა. მოძრაობის დაფუძნებას წინ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თემაზე ფორუმი უძღოდა.
ფორუმს ესწრებოდა მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც. ნიკა გვარამია წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში მნიშვნელოვანი იქნება თურქეთისა და აზერბაიჯანის პოზიციები.
დღეს კიევში დაფუძნდა „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა". სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მეც მომეცა. მიშას და მისი პატიმრობის შესახებ უკვე ყველაფერი ნათქვამია, სალაპარაკო ახლა უფრო იმაზეა, თუ გამოსავალი რაშია. ამ მიმართულებით ჩემი ხედვა მნიშვნელოვნად უკავშირდება თურქეთის და აზერბაიჯანის პოზიციებს. საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ამ ორი ქვეყნის ეფექტიანობაზე პირადად მე მაღალი წარმოდგენის ვარ, მთავარია სურვილი და მონდომება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც უკრაინელი დეპუტატები, მათ შორის, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია, ასევე დისტანციურად ჩაერთნენ სტუმრები საქართველოდან. მონაწილეებს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამაც.