პრემიერი რომ ჩამოვიდა ცაგერში, გზები გადაკეტილი იყო, მხოლოდ მისი მომხრეები დასეირნობდნენ - გოგიტა ახვლედიანი
პრემიერი რომ ჩამოვიდა ცაგერში, გზები გადაკეტილი იყო, მხოლოდ მისი მომხრეები დასეირნობდნენ - ასე იხსენებს პრემიერ ღარიბაშვილის ლეჩხუმში ვიზიტს "ლელოს" წარმომადგენელი გოგიტა ახვლედიანი.
ახვლედიანის თქმით, პრემიერის ცაგერში ჩასვლის დროს, მოსახლეობას ქუჩებში თავისუფლად გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ და, სავარაუდოდ, ამ გზით ცდილობდნენ კრიტიკული განწყობის დამალვას.
ახვლედიანი ამბობს, რომ ხელისუფლება რეალური პრობლემების მოგვარებაზე არ არის ორიენტირებული.
პრემიერი რომ ჩამოდიოდა, მთელი დასავლეთ საქართველოს პოლიცია იყო ქუჩაში, სხვა არავინ დადიოდა, სეირნობდნენ მისი მომხრეები. ცენტრალური გზა, სადაც იყო მხოლოდ ფასადები გაკეთებული და ფასადების უკან ნაგავი არის, ბაზარიც, რომელიც გააკეთეს ცენტრთან ახლოს არის, გზები გადაკეტილი იყო და მოძრაობა არც მანქანების იყო და ფეხითაც არავინ დადიოდა... დედა მონაზონი მყავს, არ შეიძლება ქალბატონო გულნაზი, რომ ლეჩხუმელი ქალების სახელით ილაპარაკოთ. თქვენი სახელით, ვინც ეფერებით ბატონ პრემიერს, მოეფერეთ, მაგრამ ლეჩხუმელ ქალებს მე ვუხდი ბოდიშს, რომ ასე გამოვიდა სიტუაცია,"- ამბობს გოგიტა ახვლედიანი.
იმიტირებული აღფრთოვანება და პრემიერისთვის გადახდილი მადლობა - იდენტიფიცირებული საჯარო მოხელეების ნაწილი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დასახვედრად ქუჩაში საკუთარი სურვილით გავიდა. პრემიერს ერთი და იგივე ადამიანები ცაგერში აქებდნენ ბაზარში, ქუჩაში და სკვერში. პოლიტიკურ შოუში მონაწილეობა მიაღებინეს ბიბლიოთეკის გამგეს, კულტურის სახლის უფროსს, ბაღის თანამშრომელს და საკრებულოს წევრებს.