პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ ადრეა - ხაბეიშვილიმა არ იცის, იქნება თუ არა მისი გუნდის ლიდერი გვარამია
ლევან ხაბეიშვილიმა არ იცის, იქნება თუ არა მისი გუნდის ლიდერი ნიკა გვარმია. ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ პარტიაში პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ ძალიან ადრეა.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ციხიდან გამოსულ მთავარი არხის დამფუძნებელს ხედავს იქ, სადაც იქნება პროდასავლური, ოპოზიციური და ხალხის ერთობის გამარჯვება.
ოპოზიციონერი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ მიესალმება პროდასავლური პარტიების ერთობას.
"ნიკა გვარამიას ვხედავ იქ, სადაც იქნება პროდასავლური, ოპოზიციური და ხალხის ერთობის გამარჯვება, ცხადია, ვხედავ ყველგან, სადაც იქნება გამარჯვება. პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ მსჯელობა ძალიან ადრეა, ეს კონსულტაციები არ დაწყებულა და არც დაიწყება კარაგა ხანს, მარტივი მიზეზით. ჩვენ არ ვიცით მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ჩვენ არ ვიცით გაგვარუსებენ თუ ბოლო-ბოლო გამოვძვრებით ამ რუსული რეჟიმიდან, ამიტომ ჯერ თანამდებობებზე საუბარი არის სრული სიგიჟე. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი, ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ნიკა გვარმია კი პოლიტიკურ გეგმებზე ჯერ პირდაპირ არ ლაპარაკობს, თუმცა ამბობს, რომ ივნიშვილის და მისი არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად იქნება ჩართული.
"არ ვარ მზად სხვისი ნაკარნახევი წესებით ვითამაშო" -ასე პასუხობს ნაცმოძრაობასთან მის სამომავლო თანამშრომლობაზე დასმულ კითხვას გვარამია. პოლიტიკურ გეგმებზე, შეხვედრებზე უკრაინასა და ევროპარლამენტში და ივანიშვილის დამარცხების გზებზე გვარამიამ "ინგა გრიგოლიას რეაქციაში" ისაუბრა.