საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ეს შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება ამერიკელი, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ, ჩამობრძანდნენ - კალაძე
"საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ეს შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება იყოს ამერიკელი, შეიძლება იყოს ევროპელი, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ," - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის ელჩის კომენტარის შეფასებისას გააკეთა.
კალაძე ამერიკის ელჩის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს ოკუპირებული აქვს, რუსი მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ქართველები არ მიესალმებიან.
პრობლემას არ წარმოადგენს ტურისტების შემოსვლა, ჩამობრძანდნენ. ყველაზე მთავარი რა არის - ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას, დაიცვას კანონი. ჩამოვიდნენ, დახარჯონ თანხები. ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის? რეალურად, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ხდება ეკონომიკური განვითარება. ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა და ისევ თავის ქვეყანაში დაბრუნდება. ეს არის ძალიან მარტივი“, - განაცხადა კალაძემ.