"რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" - პარლამენტთან აქცია დაიწყო
"რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო. პროტესტის ორგანიზატორები ახალგაზრდული მოძრაობის "ჯიუტი" წევრები არიან.
"სამშობლოს სიყვარული ქაჯობა არ არის", "ფიცი ოკუპანტების დასაცავად დადეთ?" - ეს ტრანსფარენტები პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა მიიტანეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსული ლაინერისთვის ბათუმის პორტში შემოსვლაზე მთავრობის თანხმობას აპროტესტებენ.
პარალელურად, საპროტესტო აქცია დაიწყო ბათუმშიც. აქციის მონაწილეებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ოკუპანტ ქვეყანაში დაბრუნებულმა რუსებმა თანამოქალაქეებს უთხრან, რომ მათი ადგილი საქართველოში არ არის.
ბათუმის პორტთან დაკავებულების უმრავლესობა იზოლატორში რჩება. 23 დაკავებულიდან ათამდე ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ერთ-ერთს ფიზიკური დაზიანებები აქვს. ამ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ომბუდსმენმა მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში უკვე ჩააყენა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც სამართალდამცველების მიერ ჩადენილი გადაცდომის და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე რეაგირება უნდა მოახდინოს.