"კაცი არ არის"- კობახიძე მედიას თავს დაესხა
სტიქიური უბედურების ეპიცენტრში ჩასული ირაკლი კობახიძე დღეს მედიას თავს დაესხა - "ქართული ოცენების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ კოტეჯებზე ნებართვის გაცემა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არ მომხდარა და საკითხი ნიკა გვარამიამ "პოლიტიკური სპეკულაციისთვის" გამოიყენა.
თავდასხმის ობიექტი გახდა გამოცემა "მთის ამბების" რედაქტორიც. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, გელა მთივლიშვილმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
„არსებობს თემები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება, სცადო პოლიტიკური ქულების დაწერა ან ზოგადად სპეკულირება, უბრალოდ წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. დღეს ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კოტეჯებზე ნებართვები გასცა ჩვენმა ხელისუფლებამ, მაშინ როდესაც 70-იანი წლებიდან დგას ეს კოტეჯები იქ, ასეთ ტყუილს რომ კადრულობ იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერო, სირცხვილია. მეორე ტყუილი, რომელსაც არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო, გელა მთვილიშვილი, არ ვიცი, რომელი მედიასაშუალებაა, ავრცელებს ფოტოს, სადაც არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ჰყავს შვილი დაკარგული და იქვე მიწერილი აქვს, რომ ეს კაცი არის უყურადღებოდ და არავინ მას არ ელაპარაკებოდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობდნენ. ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ორი წუთით ადრე ამ კაცს ელაპარაკებოდა შალვა პაპუაშვილი 15 წუთის განმავლობაში, დაინახა, მაინც გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ კაცი არ არის"- აცხადებს კობახიძე.