"სააკაშვილი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა" - რუსეთის მორიგი დეზინფორმაცია აგვისტოს ომზე

08.08.23 16:32
"სააკაშვილი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა" - რუსეთის მორიგი დეზინფორმაცია აგვისტოს ომზე

აგვისტოს ომის 15 წლისთავს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ეხმაურებიან და ომის დაწყებაში საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვას განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილი თავს დაესხა ცხინვალს და რუსეთი იძულებული გახდა "სამშვიდობო ოპერაცია" ჩაეტარებინა. 

დღეს ჩვენ ვიხსენებთ 15 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, მოახდინა მოღალატური თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე. პარალელურად განხორციელდა თავდასხმა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ქართული აგრესიის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი კავკასიის კონფლიქტის მიზეზების გამომძიებელი საერთაშორისო კომისიის ანგარიშში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰაიდი ტალიავინი. იმ დღეების მოვლენები სასწრაფო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. რუსეთი იძულებული გახდა, გაეტარებინა აგრესორის მშვიდობის იძულების ოპერაცია“, - ამბობს ზახაროვა.

მარია ზახაროვას განცხადებას პირდაპირ ემთხვევა საქართველოს პრემიერის ბრალდებები მესამე პრეზიდენტის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის დროს რუსეთის საქმე გააკეთა.

რუსეთმა საქართველოში ომი 7 აგვისტოს დაიეყო. ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა როკის გვირაბის გავლით  სწორედ ამ დღეს გამთენიისას გადმოკვეთეს საქართველო საზღვარი  და თავს დაესხნენ ქართულ სოფლებს.  დილის 9 საათზე  ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ყველა მტკიცებულება, მათ შორის  სატელეფონო ჩანაწერები იმის შესახებ, თუ როგორ და სად უნდა დაწყებულიყო რუსული არმიის შტურმი. 

ნული, ქურთა, თამარაშენი, ზემო ფრისი, შავშვები - ეს ის სოფლებია, რომლებიც 7 აგვისტოს დილით უკვე  რუსული არტილერიით იბომბებოდა.  საქართველოს ხელისუფლებამ განგაშის სიგნალი  საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნა, თუმცა ქართული სოფლების შტურმი არ წყდებოდა. საღამოს 11 საათზე კი როკის გვირაბი უკვე რუსული არმიის და მძიმე ტექნიკამ მეორე ნაკადმაც გამოიარა. 8 აგვისტოს გამთენიისას ქართული მხარე უკვე იძულებული იყო საკუთარი მოსახლეობის დასაცავად საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.