ამ რუსულ მმართველობას თავის მინისტრებიანად უნდა დავუსვათ წერტილი - მამუკა ხაზარაძე
„მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება შოვში, რომელიც იყო ტიპიური რუსული მენტალობის რუსული მმართველის და რუსეთის შს მინისტრის მსგავსი განცხადება,“ - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე შოვში შს მინისტრის სკანდალურ აღიარებას.
ხაზარაძის შეფასებით, შს მინისტრის დღევანდელი განცხადება ცინიზმით სავსე იყო, შეეფერებოდა რუსეთის შს მინისტრის განცხადებას და მიიჩნევს, რომ ამ შინაარსის გახმოვანებით გომელაურმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს.
"ლელოს" ლიდერის თქმით, შოვში დატრიალებულ ტრაგედია აუცილებლად უნდა გამოიძიონ და ასევე, საჭიროა "რუსული მმართველობის" დასრულება.
ეს იყო ცინიზმით სავსე, ეს იყო, პრაქტიკულად, ჩვენი მოქალაქების შეურაცხყოფა, ადამიანის უგულებელყოფა და ტყუილებით სავსე განცხადება. ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის, ეს ყველამ კარგად ვიცით, ამავე დროს თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული. ამიტომ, ამ რუსულ მმართველობას თავის მინისტრებიანად უნდა დავუსვათ წერტილი. ამ საქმეს, რაც შოვში მოხდა, სჭირდება საკმაოდ სერიოზული გამოძიება და ყველა პასუხიმგებელი ამ რუსული მენტალობის მატარებელი მმართველების ჩამოშორება ამ ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან,“ - განაცხადა ხაზარაძემ.
ვახტან გომელაური შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ მის პირველ კომენტარში აღიარებს, რომ სახელმწიფოს ღამის ფრენის საშუალებები აქვს, თუმცა შოვის სტიქიის ღამეს შეგნებულად არ გამოიყენეს.