შოკში ვარ, ასე ცუდად არ ვყოფილვარ იმ დროს, როცა იქ ვიყავი - დავით ჯელაძის პასუხი კობახიძეს

14.08.23 15:04
შოკში ვარ, ასე ცუდად არ ვყოფილვარ იმ დროს, როცა იქ ვიყავი - დავით ჯელაძის პასუხი კობახიძეს

"შოკში ვარ. ასე ცუდად არ ვყოფილვარ იმ დროს, როცა იქ ვიყავი," - ასე იმოქმედა შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეურაცხმყოფელმა განცხადებამ.

ჯელაძე "პირველების" ეთერიდან ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომლისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა ის გადაწყვეტილება, რაც დავით ჯელაძემ საკუთარი და თავის დისშვილის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით მიიღო - წელამდე ტალახში ჩაფლულმა რამდენიმე საათი იარა "სანსეტ შოვისკენ" იმ იმედით, რომ მათ უშველიდნენ.

ჯელაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებას რამდენჯერმე მოუსმინა, რადგან ვერ წარმოიდგენდა გადარჩენილ ადამიანებზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ასეთ შეფასებას თუ გააკეთებდა. 

წარმოუდგენლად მიმაჩნია, კიდევ არ მჯერა, ასეთი სიტყვები როგორ თქვა ჩემზე და ჩემს დისშვილზე. რამდენჯერ მოვუსმინე მაგ ჩანაწერს, პოსტებს, არ ვიჯერებდით, სანამ ჩემი ყურით არ მოვისმინე. ერთხელ მოვუსმინე, არ დავიჯერე, მეორედ - არ დავიჯერე, მეთქი ხომ არ გავგიჟდი. ყოველდღე დილით რომ გავიღვიძებდი იმის ფიქრით ვიყავი, რომ დამევიწყებინა ეგ თემა, დამევიწყებინა, დამევიწყებინა. თან ადამიანებს ნელ-ნელა პოულობდნენ და მიდიოდნენ დასასრულისკენ ეს ყველაფერი და ამ გადარჩენილებზე, ჩემი ოჯახის წევრებსა და სხვა ადამიანებზე, ვინც გადავრჩით და ვიბრძოლეთ, შოკში ვარ. ასე ცუდად არ ვყოფილვარ იმ დროს, როცა იქ ვიყავი. ძალიან ცუდად ვარ, არ მინდა საუბარი, მინდა ვიფიქრო და ამ ფიქრით ვერაფერს ვერ ვიზამ, ალბათ,“ - ამბობს დავით ჯელაძე.