რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი - კობახიძე სტიქიას გადარჩენილ ჯელაძეებზე

14.08.23 11:21
რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი - კობახიძე სტიქიას გადარჩენილ ჯელაძეებზე

"ერთი ნაპირიდან მეორეზე რატომ ან როგორ შეიძლება გადმოხვიდე, არ ვიცი, მაგრამ დავაზუსტებ," - "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს არ ესმის სტიქიასთან ბრძოლის დროს ჯელაძეებმა რატომ გაიარეს მეწყრული ზონა და რატომ შეეცადნენ "სანსეტ შოვთან" მისვლას.

ირაკლი კობახიძეს "პირველების" ჟურნალისტმა აჩვენა ფოტო, რომელიც სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და სადაც ჩანდა ის გზა, რაც მან და მისმა დისშვილმა მეწყერის ჩამოწოლის დროს გაიარეს. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ ამ ფოტოსთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ვერ ხვდება, რატომ გაიარა ჯელაძემ ეს მანძილი, როცა შეეძლო იქვე დარჩენა. 

იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ, შეუძლებელია ასე განვითარებულიყო მოვლენები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ებრძოლა სტიქიას 3 საათის განმავლობაში, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.

რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იქ დარჩენა, ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო. გადასამოწმებელია, ვერ გეტყვით ვერაფერს. კიდეებში მასის სიმაღლე იყო დაბალი, მაქსიმუმ ერთი მეტრი და შესაბამისად, იქიდან გამოსვლა შესაძლებელი იყო და ვინც გადაურჩა ღვარცოფულ მასას, ყველას იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი დაღამებამდე, მაგრამ ვინც მოყვა ამ მასაში, გადარჩენა შეუძლებელი იყო,“ - ამბობს კობახიძე.

სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე "პირველებთან" ყვებოდა, რა გზის გავლა მოუწია მას დისშვილთან ერთად გადარჩენისთვის. დავით ჯელაძე ამბობს, რომ სრულად ტალახში იყვნენ ჩაფლულები და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. დავით ჯელაძე, რომლის ფოტოც შოვის ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა ამბობს, რომ სამაშველო ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან ადამიანების გამოყვანა და გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები