განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო და ანტიკონსტიტუციური - „ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში დადანაშაულებული პირის ადვოკატი

15.08.23 13:37
განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო და ანტიკონსტიტუციური - „ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში დადანაშაულებული პირის ადვოკატი

12-წლიანი პატიმრობა „ისლამური სახელმწიფოს" წევრობისთვის - ცისკარა ტოხოსაშვილის ადვოკატი სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს.

საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ცისკარა ტოხოსაშვილს. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტოხოსაშვილი ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ იყო გაწევრიანებული და სირიის ტერიტორიაზე წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა.

ადვოკატი ზურაბ თომაძე ამტკიცებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ანტიკონსიტუციურია და ის გასაჩივრებას გეგმავს.

აღნიშნულ განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური. იქიდან გამომდინარე, რომ ცისკარა ტოხოსაშვილი ზუსტად იგივე დანაშაულისთვის უკვე იყო გასამართლებული თურქეთის რესპუბლიკაში და აღნიშნული დანაშაულისთვის პირნათლად მოიხადა სასჯელი და აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე დანაშაულისთვის საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით დასჯა არ შეიძლება და დაუშვებელია. მიგვაჩნია, რომ განა ჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო და ანტიკონსტიტუციური და აუცილებლად იქნება გასაჩივრებული როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე საკონსტიტუციოში,“ - ამბობს ადვოკატი.