უნდოდათ შხამის შემოპარება, ქართველი ხალხის ხმა მსოფლიოს მისწვდა, რუსეთი ოკუპანტია, არავითარი ძმა - ნაცვლიშვილი
მშვენიერია! უნდოდათ შხამის შემოპარება ხელოვნების სახელით და ხელით და უარესი მიიღო ხელისუფლებამ - ქართველი ხალხის ხმა მსოფლიოს მისწვდა - რუსეთი ოკუპანტია, არავითარი ძმა!- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი Black Sea Arena-ზე მომხდარს ეხმაურება.
ნაცვლიშვილის თქმით, მორიგი „რუსული პროვოკაციული გეგმა ჩაფლავდა“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ბევრი განსხვავებული აზრი მოვისმინე ამ კონცერტზე წასვლა-არწასვლასა და სხვა საკითხებზე და სრულად მესმის კრიტიკის პათოსი, თუმცა ფაქტია, რომ მორიგი რუსული პროვოკაციული გეგმა ჩაფლავდა, ესა ძალიან მნიშვნელოვანია!
მადლობა თითოეულს ვინც ყური არ დაიხშეთ და დუმილი არ აირჩიეთ!!!
ახლა დავუბრუნდეთ იმ რეალობას, რომ -რუსეთი გამალებულ ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში და ტალახში ვეძებთ გარდაცვლილ თანამემამულეებს. გვაქვს სიკვდილიანობის კატასტროფული მაჩვენებელი ისეთ ვითარებებში, სადაც ნორმალურ ქვეყნებში ადამიანები არ იღუპებიან! ( სტიქიური უბედურების დროსაც კი გაცილებით ნაკლებია ან საერთოდ არ არის, აღარაფერს ვამბობ წყალში სიკვდილიანობაზე და ა.შ.)
ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენი მისახედია!“, - წერს ნაცვლიშვილი "ფეისბუქზე".
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.
დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა.
აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.
Black Sea Arena-ზე, KILLERS-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს საერთაშორისო მედიაც გამოეხმარა.