ირაკლი კობახიძის შემდეგ დავით ჯელაძეს ბოდიშს მიხეილ სარჯველაძე უხდის
ირაკლი კობახიძის შემდეგ დავით ჯელაძეს ბოდიშს მიხეილ სარჯველაძე უხდის. "ქართული ოცნების" დეპუტატმა განცხადება პარლამენტში გააკეთა.
მიხეილ სარჯველაძე, რომელიც სამი დღის წინ დავით ჯელაძის თავის გადარჩენის მცდელობის გზას აკრიტიკებდა, დღეს ამბობს, რომ "არავის ჰქონია სურვილი ვინმეს გმირობის დაკნინების".
ის, რაც თქვა გუშინ ირაკლიმ აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად, რაც ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტული იყო. არავის არ გვქონია არც პირველ დღეს, არც მეორე დღეს და არც არასდროს, სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი, ვინმეს გმირობა რაღაცნაირად დაგვეკნინებინა. ეს თქვა, და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი, რაც გააკეთა ირაკლიმ და რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არამც თუ უბრალოდ გადარჩა, პირდაპირ ვამბობ, რომ გმირობა გამოიჩინა, თუმცა, რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს და აქაც უნდა ვთქვათ, არც ირაკლის და არც მე არასდროს არ გვქონია ამის განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ნამდვილად არ გვინდოდა, ვინმეს ღვაწლის დაკნინება, პატიებას ვითხოვთ თუკი ვინმეს ასე გამოვიდა და ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ", - თქვა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ 14 აგვისტოს სტიქიის ზონაში მოყოლილი და გადარჩენილი ადამიანების სიმართლეში ეჭვი შეიტანა. სარჯველაძე ამბობდა, რომ ის, რაც კობახიძემ თქვა, "აბსოლუტურად მართებულია" და ჟურნალისტები ინტერპრეტაციებში დაადანაშაულა.