რუსები ახერხებენ სოფლების შეძენას, ხელისუფლება ამაში ეხმარებათ - გიორგი კირთაძე

18.08.23 13:13
რუსები ახერხებენ სოფლების შეძენას, ხელისუფლება ამაში ეხმარებათ - გიორგი კირთაძე

ქართული სოფლები რუსეთის მოქალაქეებისთვის - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აჭარაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. გიორგი კირთაძის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ბათუმში ბინები და კომერციული ფართები აქვთ შეძენილი,, ახლა უკვე ბათუმთან ახლოს სოფლებში მიწის ნაკვეთების ყიდვაც დაიწყეს. 

კირთაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთის მოქალაქეებს მიწის ყიდვის პროცედურას საქართველოს ხელისუფლება უადვილებს, რადგან მარტივად ხდება მათთვის სასურველ მიწის ნაკვეთზე სტატუსის შეცვლა - სასოფლო-სამეურნეოდან არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად.

რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში შეიძინეს უამრავი საცხოვრებელი სახლი, კომერციული ფართები, სადაც განთავსებულია კაფე-ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები, მომსახურების სხვადასხვა ობიექტები. ახლა არის ახალი ტალღა დაწყებული, სადაც უკვე ისინი ძალიან აქტიურად ახერხებენ ბათუმთან ახლოს, სოფლების შეძენას პირდაპირ რომ ვთქვა. ხელისუფლება ამაში ეხმარებათ, ძალიან სწრაფად ხდება მიწის ნაკვეთების გადაყვანა სასოფლოდან არასასოფლოში, თუ ეს სჭირდებათ რუსეთის მოქალაქეებს. ვინც ამ მიწის ნაკვეთებს ყიდის, ამ ფულით შემდეგ მექსიკის გავლით ცდილობს ამერიკაში მოხვდეს და ამ მანძილზე ლუკმა-პურის საშოვნელად უწევს წასვლა და ჩვენს ქვეყანაში, თავის მამაპაპისეულ ადგილას კი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები სახლდებიან,“ - ამბობს გიორგი კირთაძე.

თბილისის და ბათუმის შემდეგ, საქართველოში ჩამოსული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების სამიზნე სოფლებში მიწის ნაკვეთების და სახლების ყიდვაა. არადა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა კანონით აკრძალულია - თუმცა ირკვევა, რომ რუსებმა ახალი გზა იპოვეს, ჯერ მიწას სტატუსს უცვლიან შემდეგ კი იფორმებენ.