სტეფანწმინდაში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას - გარემოს ეროვნული სააგენტო
მეწყერი სტეფანწმინდაში - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ღვარცოფმა გაიარა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა არსებული გეოდინამიკური პირობები შეაფასეს, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე საბოლოო დასკვნას მოამზადებს და შესაბამის უწყებებს გადაუგზავნის.
დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყაზბეგში გეოლოგების სპეციალური ჯგუფი მუშაობს. სპეციალისტები მეწყერსაშიშ ზონაში სტიქიის შემდეგ გამოიძახეს. დასკვნების მომზადების შემდეგ, შესაძლოა, სტეფანწმინდის ერთ-ერთი უბნიდან ხალხის გასახლება მოხდეს. სტეფანწმინდასა და გერგეტში მეწყერი გუშინ ჩამოწვა, იქ გაწმენდით სამუშაოებს მძიმე ტექნიკა და მაშველები აწარმოებენ. სტიქიის შედეგად ადგილობრივების ნათესები განადგურდა.