ბუნებრივი საფრთხეების კუთხით, დღეც და ღამეც სულ ერთია - გოდოლაძე რიკოთის ჩაკეტვაზე
"კოვიდის არ იყოს, რეგულაციებს თავად ქმნიან სახელმწიფო მოხელეები, მაგრამ ბუნებრივი საფრთხეების კუთხით, დღეც და ღამეც სულ ერთია," - ასე აფასებს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე მთავრობასთან დაახლოებული პირებისთვის გაცემული საშვების არსებობას, რომლის დახმარებითაც, საშვიანი ავტომობილები რიკოთის გვირაბით აკრძალულ საათებში სარგებლობენ.
გოდოლაძისთვის გაუგებარია ხელისუფლების გადაწყვეტილება, რა პრინციპით დააწესა შეზღუდვა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რიკოთის გვირაბში, რადგან თუ სტიქიისგან პრევენცია სურთ, ნაწილობრივი ჩაკეტვა გამოსავალი არ არის.
ეს ხალხი იგდებს საკუთარ თავს საფრთხეში, მე მართლა არ მესმის გზის დაკეტვის პრინციპი. მე საერთოდ იმ გზას, რა ფორმითაც ის ფუნქციონირებს, ასეთი აგვისტოს პირობებში, სხვა გზებს დავტვირთავდი. არც იმ მაღალჩინოსნებისთვის არის და მეც რომ დავდივარ, ვიცი, რომ ჩემი სიარულიც საფრთხის შემცველია, მაგრამ მაინც გავდივარ. ერთადერთი ლოგიკა, რაც შეიძლება იყოს, ეს არის რეაგირების სისტემა. კოვიდის არ იყოს, რეგულაციებს თავად ქმნიან სახელმწიფო მოხელეები, მაგრამ ბუნებრივი საფრთხეების კუთხით, დღეც და ღამეც სულ ერთია,“ - ამბობს თეა გოდოლაძე.
შერჩევითი სამართალი რიკოთზე - აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ გვირაბში გადაადგილების ახალი წესები მოქმედებს. მაშინ, როდესაც წესით რეაბილიტაციის პროცესში არსებული გვირაბი მხოლოდ ტრაილერებისთვის უნდა იხსნებოდეს, როგორც ირკვევა საშვიანი მსუბუქი ავტომობილებიც უპრობლემოდ გადაადგილდებიან.