კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი კობა კვეტენაძე გეგმავს, რომ დარღვევებით გააშენოს უზარმაზარი ახალი ქალაქი - საბა ბუაძე
დიდი დიღომი ურბანული კატასტროფის წინაშე - "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ქალაქის ჩაბეტონებაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს კახა კალაძეს აკისრებს. მაშინ, როდესაც აგვისტოში საკრებულოს სხდომა დაჩქარებული წესით ინიშნება, ბუაძისთვის მოტივი ცალსახაა - თბილისის მთავრობა ისეთი პროექტების დამტკიცებას ცდილობს, რასაც საზოგადოება ეწინააღმდეგება.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, კალაძესთან დაკავშირებული ბიზნესმენი უზარმაზარი ქალაქის გაშენებას ყველანაირი პროცედურის დარღვევით აპირებს.
ეს არის კახი კალაძის პოლიტიკური მემკვიდრეობის ნაწილი, ქალაქის ჩაბეტონება, მათ შორის ყველაზე დიდი ზიანი მიიღო დიდმა დიღომმა, სადაც ცარიელი ადგილი აღარ დარჩა. ეს არის უბანი, სადაც არის სკოლების დეფიციტი, არის საბავშვო ბაღების დეფიციტი და, რაც ყველაზე მთავარია, არის მწვანე სივრცეების დეფიციტი, რომლებიც ფაქტობრივად მიზერული არის მთელს დიდ დიღომში და ახლა აქ, კალაძესთან და მის მოადგილეებთან დაკავშირებული ბიზნესმენი, კობა კვეტენაძე გეგმავს, რომ გააშენოს უზარმაზარი ახალი ქალაქი, ყველანაირი პროცედურის დარღვევით.
საკრებულოში შემოდის უკვე განხილული პროექტი, ახლა გადაწყვიტეს, რომ კიდევ 500 000 კვადრატულ მეტრს 250 000 კვადრატული მეტრი დაუმატონ და ჯამში, აქ უნდა აშენდეს 750 000 კვადრატული მეტრის მოცულობის კორპუსები, რაც იქნება ძალიან მძიმე შედეგის მომტანი დიდი დიღმის მოსახლეობისთვის", - ამბობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე.
თბილისის მთავრობა გეგმავს, რომ დიდ დიღომში 150 000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე ახალი ქალაქის გააშენოს. ამ პროექტს კი სათავეში კობა კვეტენაძე უდგას, რომელიც "ოცნების" შემომწირველი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. კვეტენაძე დიღომში მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას აპირებს, რასაც მწვანე საფარიც შეეწირება და სამანქანო გზებიც მნიშვნელოვნად დავიწროვდება.