რაღა უნდა მიქნან, ფიზიკურად გამანადგურონ? მზად ვარ - თეა გოდოლაძე
„რაღა უნდა მიქნან, ფიზიკურად გამანადგურონ, მზად ვარ“, - ეს განცხადება სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ „დღის ამბებში“ გააკეთა.
თეა გოდოლაძე ხელისუფლების კვალს ხედავს მის წინააღმდეგ დაწყებული შავი პიარის უკან და ამაში დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებებმა დაარწმუნა.
პარლამენტარების გაკეთებული განცხადებებით მივხვდი, ვინ იდგა ამ გაშავების კამპანიის მიმართ. მტკიცებით ფორმაში დაიწყეს ჩემი ძალადობაში დადანაშაულება, როცა თავად ვარ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი... ეს არის მცდელობა ჩემი დისკრედიტაციის და ჩემი გაჩუმების. არ გავჩუმდები ყველა დაჩაგრული ქალის სახელით,“ - ამბობს გოდოლაძე.
გოდოლაძე დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო მანქანა მის დისკრედიტაციას ცდილობს, თუმცა, სეისმოლოგის თქმით, ის მუშაობას არ შეწყვეტს.
რაც შეეხება დისკრედიტაციის მცდელობას, ფაქტი სახეზეა, თავად ვარ ძალადობის მსხვერპლი და იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ დაიცვას მსხვერპლი ქალის უფლებები, რეალურად სახელმწიფო მანქანა მიტრიალებს ამ ფაქტს.
როცა ბრაზდებოდნენ, იყო ტექსტები, რომ ყველას უნდა შენი მაქედან მოძრობა. ნამახვანთან დაკავშირებით იყო აგრესიული კამპანია, იმდენად აგრესიული, რომ ყველა ინტერნეტგამოცემაში იყო ჩემი ფოტოები პუტინთან ერთად, რაც რეალურად არ არსებობს.
იყო დაწოლა ჩემზე, იყო დაწოლა ჩემს დაფინანსებაზეც, ყველა მექანიზმი იყო ჩართული და ვიცოდი, რომ მებრძოდნენ, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ არანაირი რეალური კომპრომატი არ ჰქონდათ და დაიწყეს პირადი ცხოვრებით, ეს კომპრომატიც არ არის, ჩემზე მოხდა ძალადობა,“ - ამბობს გოდოლაძე.
თეა გოდოლაძის შეფასებით, ხელისუფლება მისი საერთაშორისო იმიჯის შელახვას ცდილობს.
შოვის ამბები იყო, მანამდეც იყო ჩემი პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია აშშ-სთან, უკრაინასთან, ჩემი საერთაშორისო იმიჯის შელახვის კუთხით, მარტო შოვთან ვერ დავაკავშირებ, საკმაოდ სერიოზული რეგიონული პროექტები მაქვს, ვარ ხელმძღვანელი ამ პროექტების და ფაქტობრივად, ეს არის მცდელობა ჩემი საერთაშორისო დისკრედიტაციის,“ - ამბობს გოდოლაძე.