აფხაზეთის და ცხინვალის მიერთების მუქარა, არის ღია შანტაჟი და მზადება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის - დავითაია
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაია ამბობს, რომ მედვედევის მიერ გაცხადებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიერთების მუქარა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მიერ ღია შანტაჟია.
დავითაიას თქმით, ხელისუფლებამ სასწრაფო რეჟიმში უნდა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან იქნას აცილებული ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მოსალოდნელი საფრთხე.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან დიდი ხანია მზადდება ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნა, სადაც რუსეთთან და ბელარუსთან ერთად განიხილება აფხაზეთის, ცხინვალის და დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შესვლა.
„მედვედევის მიერ გაცხადებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიერთების მუქარა არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს ღია შანტაჟი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ხელისუფლებამ სასწრაფო რეჟიმში უნდა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან აიცილოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მოსალოდნელი საფრთხე .
მედვედევის განცხადება, რომ თუ საქართველო გონივრულად არ მოიქცევა რუსეთი მიიერთებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ღიად გამოხატავს იმ პოლიტიკას, რასაც რუსეთი აწარმოებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
15 წლის წინ რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებით, რასაც ხელი რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა მოაწერა, რუსეთმა დაარღვია ყველა საერთაშორისო სამართლის პრინციპი. ჰააგის პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაცემული სანქციებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია აწარმოებდა ომს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
რუსეთის მხრიდან დიდი ხანია მზადდება ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნა, სადაც რუსეთთან და ბელარუსთან ერთად განიხილება აფხაზეთის, ცხინვალის და დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შესვლა. ამის შესახებ არაერთხელ გავაკეთე განცხადება. უკვე მზადდება ფონი, ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ამას ადასტურებს ამ დღეებში ცხინვალში და აფხაზეთში სეპარატისტი მმართველების გააქტიურება და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები.
ცხინვალთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას არანაირი პრობლემა არ აქვს, ვინაიდან ცხინვალი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე გახდა რუსეთის ერთი დიდი სამხედრო ბაზა, სადაც რუსეთთან მიერთებას მხარს უჭერენ. რაც შეეხება აფხაზეთს, ადგილობრივი მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დიდ წინააღმდეგობას უწევს სეპარტისტ ლიდერებს, შესაბამისად, წინა პლანზე გამოუყვანეს ინალ არძინბა, კრემლის წარმომადგენელი აფხაზეთში, რომელიც ამზადებს ფონს, აფხაზეთის რუსეთთან მიერთების გეგმის განხორციელებისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების რეაგირება და ნაბიჯები. პირველ რიგში, უნდა ეცნობოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მზადდება ჩვენი ტერიტორიების ანექსია. ინალ არძინბას ხელმძღვანელობით, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც არღვევს საქართველოს კონსტიტუციურ წყობას, უნდა დაიწყოს გამოძიება და ისინი იქნენ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნილებად.
უნდა დაიწყოს ინტენსიური დიალოგი აფხაზეთის მოსახლეობასთან მესიჯებით, რომ რუსეთთან შეერთების შემთხვევაში ისინი კარგავენ თვითმყოფადობას და მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი საქართველოსთან თანაცხოვრება, ევროკავშირში გაწევრიანება და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ამ მიმართულებით შესაბამისმა სამსახურებმა, მათ შორის ქართულმა სპეცსამსახურებმა უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, რომ თავიდან იქნეს აცილებული ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია”, - აცხადებს პაატა დავითაია.
რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.
23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.
მედვედევი წერს, რომ „არ სჭირდებათ 2008 წლის ისტორიის გამეორება“ და „მზად არიან, პრობლემები გადაწყვიტონ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით", მაგრამ თუ რუსეთის „შეშფოთება“ რეალურ კონტურებს შეიძენს, „არ დააყოვნებენ“.